„ჩვენ გამოვავლინეთ პირველი ყალბი პირადობის მოწმობები, რომლითაც ხმის მიცემის მცდელობა იყო ვაკის მე-2 და მე-14 საარჩევნო უბნებზე, დავით შენგელიას და ზურა ჩაკვეტაძის სახელით. მივიდა ადამიანი, საარჩევნო სიებში არის სხვა ფოტო, მას ხელში უჭირავს პირადობის მოწმობა სხვა ფოტოსურათით. ეს არის დოკუმენტის გაყალბება და ამაზე დაუყოვნებლივ მოვითხოვთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე თქმით, დარღვევები დაფიქსირდა რეგიონებშიც. კერძოდ, როგორც გიორგი ვაშაძე ამბობს, მარნეულში ბიულეტენები საარჩევნო უბნის გარეთ ჰქონდათ გამოტანილი, იქვე მოხდა ბიულეტენის შემოხაზვა და გადატანა.
„ამ უბანზე რომ არჩევნები ჩაიშლება, ფაქტია. რა ხდება გამაგებინეთ? გარდაბნის 57-ე საარჩევნო უბანში კომისიას წინასწარ, ხელმოწერებით და ბეჭდებით გამზადებული აქვს ბიულეტენები. ეს არის გაყალბება და ამ სიყალბისთვის ის, ვისაც ეს ბეჭედი ეკუთვნის, უნდა მიეცეს პასუხისგებაში“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
ვაშაძე ასევე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები რუსთავში ხმის მიცემას ე.წ. ორმაგი მარკირებით ცდილობენ, დუშეთში კი საარჩევნო უბნიდან ბიულეტენები აქვს გატანილი იმ მიზნით, რომ შემდეგ ე.წ. სომხური კარუსელის შესახებ განცხადებები გააკეთონ.
„მოიტანეთ ფაქტები და ახლავე მოვითხოვ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, ვინ არიან ეს ადამიანები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.