weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ხვალიდან გადავდივართ მასობრივი დაუმორჩილებლობის მოძრაობაზე – სააკაშვილი

20:47 ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების აღიარებას არ აპირებს. სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერიდან ხალხს მიმართა და მოუწოდა, დაუმორჩილებლობის მოძრაობას შეუერთდნენ.

„ხალხო, დღეს თქვენ ამ ბინძურმა ოლიგარქმა თავზე გადაგახიათ კანონი, კონსტიტუცია, დემოკრატია, არჩევნების ინსტიტუტი. დღეს და ამ კვირებში რაც ტარდებოდა, ეს არ იყო არც არჩევნები, არც დემოკრატიული პროცესი და ამას არაფერი კავშირი არ აქვს ხალხის ნებასთან.

ეს არ იყო და არ არის ლეგიტიმური არჩევნები. მე არასდროს არ ვაღიარებ ბიძინა ივანიშვილს. დღევანდელი დღიდან ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ლეგიტიმური მმართველი საქართველოში. მე არ ვაღიარებ და მოვუწოდებ ქართულ საზოგადოებას არ აღიაროს ამ არჩევნების შედეგები.

მე მოვუწოდებ ქართულ საზოგადოებას, რომელმაც დღესაც გამოიჩინა წარმოუდგენელი აქტიურობა, მე მოვუწოდებ იმ ხალხს, რომელიც იდგა რიგებში, სჯეროდა და სჯერა, რომ ჩვენ მოვაშორებთ ამ გაუნათლებელ ოლიგარქს, ამ ფაროსანას საქართველოს სხეულს და გავათავისუფლებთ საქართველოს; მოგიწოდებთ თქვენ, აიღოთ კანონის დაცვა და საქართველოს მომავლის გადარჩენა საკუთარ ხელში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ღამით და ხვალ დღის განმავლობაში გაერთინებული ოპოზიცია გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ხოლო ხვალიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება, მასობრივი დაუმორჩილებლობის მოძრაობაზე გადავა.

„მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას დადგეს ხალხის მხარეს, მოვუწოდებ შეიარაღებულ ძალებს არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები; მე მოვუწოდებ სახელმწიფო აპარატის ჯანსაღ ნაწილს გაემიჯნოს კრიმინალურ, მაფიოზურ ბანდას, რომელიც დაეპატრონა საქართველოს.

ხვალიდან, საქართველოს მასშტაბით, ჩვენ ვიწყებთ მასობრივ ქმედებებს სამოქალაქო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის, ივანიშვილის მიუღებლობის და ივანიშვილის ხელისუფლების დასრულების საქართველოში“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის გახსნილი საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და ხმის დათვლის პროცესი დაიწყო. ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]