weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩვენი დიდი წვლილია, რომ 500 000-ზე მეტი მხარდამჭერი არჩევნებზე მოვიდა – ინაშვილი

10:54 პარასკევი, 30 ნოემბერი 2018

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის და პარლამენტის წევრის, ირმა ინაშვილის განცხადებით, მისმა პარტიამ დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მათმა 500 ათასზე მეტმა მხარდამჭერმა ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცა.

როგორც პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ ინაშვილმა განაცხადა, მას შთაბეჭდილება რჩება, რომ „ქართული ოცნება“ „პატრიოტთა ალიანსის“ არ შემჩნევის ტენდენციას აგრძელებს. ირმა ინაშვილის თქმით, მმართველმა პარტიამ არჩევნების პირველ ტურში ხალხისგან სილის გაწვნა იმიტომ მიიღო, რომ ისინი ექვსი წლის განმავლობაში  ქართველ ხალხსაც ისევე ვერ ამჩნევდნენ, როგორც „პატრიოტთა ალიანსს“ ვერ ხედავენ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა როლი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში „პატრიოტთა ალიანსის“ ჩართვას, ირმა ინაშვილმა თქვა, რომ თავიდან, ისინი სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი არ ყოფილან, მაგრამ შექმნილმა ვითარებამ აიძულათ, მხარი მისთვის დაეჭირათ და მის გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს.

„რა წვლილი შევიტანეთ?! ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ იმაში, რომ ეს 500 000-ზე მეტი მხარდამჭერი არჩევნებზე მოვიდა და ხმა ქალბატონ სალომეს მისცა.

ჩვენ გავააქტიურეთ პარტიის აქტივი და მისი აბსოლუტური უმრავლესობა ამ აქციაზე წარმოდგენილი იყო. ამაზე არ ილაპარაკებს „ქართული ოცნება“, რომელსაც ამ აქციის ორგანიზებაში არავითარი წვლილი არ მიუძღვის. მეტსაც გეტყვით, იგივე დღეს, მთელი თბილისის მასშტაბით, ლოკალური აქციები დაგვინიშნეს და თავის მხარდამჭერებს ზოგი მრგვალ პარკში მოუხმობდა, ზოგიც – ჩუღურეთში. ეს ჩემთვის აბსოლუტურად აუხსნელი რამ იყო. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს პირდაპირ გეუბნებით – პოლიტიკაში ასეთი რამ არასწორ საქციელად ითვლება და არა მარტო პოლიტიკაში, ცხოვრებაშიც ასეა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, რომელიც ყველა უბნის შედეგებს ეყრდნობა, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.52 % (1 147 627 ხმა) მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 40.48 % ( 780 633 ხმა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]