როგორც პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ ინაშვილმა განაცხადა, მას შთაბეჭდილება რჩება, რომ „ქართული ოცნება“ „პატრიოტთა ალიანსის“ არ შემჩნევის ტენდენციას აგრძელებს. ირმა ინაშვილის თქმით, მმართველმა პარტიამ არჩევნების პირველ ტურში ხალხისგან სილის გაწვნა იმიტომ მიიღო, რომ ისინი ექვსი წლის განმავლობაში ქართველ ხალხსაც ისევე ვერ ამჩნევდნენ, როგორც „პატრიოტთა ალიანსს“ ვერ ხედავენ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა როლი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში „პატრიოტთა ალიანსის“ ჩართვას, ირმა ინაშვილმა თქვა, რომ თავიდან, ისინი სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი არ ყოფილან, მაგრამ შექმნილმა ვითარებამ აიძულათ, მხარი მისთვის დაეჭირათ და მის გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს.
„რა წვლილი შევიტანეთ?! ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ იმაში, რომ ეს 500 000-ზე მეტი მხარდამჭერი არჩევნებზე მოვიდა და ხმა ქალბატონ სალომეს მისცა.
ჩვენ გავააქტიურეთ პარტიის აქტივი და მისი აბსოლუტური უმრავლესობა ამ აქციაზე წარმოდგენილი იყო. ამაზე არ ილაპარაკებს „ქართული ოცნება“, რომელსაც ამ აქციის ორგანიზებაში არავითარი წვლილი არ მიუძღვის. მეტსაც გეტყვით, იგივე დღეს, მთელი თბილისის მასშტაბით, ლოკალური აქციები დაგვინიშნეს და თავის მხარდამჭერებს ზოგი მრგვალ პარკში მოუხმობდა, ზოგიც – ჩუღურეთში. ეს ჩემთვის აბსოლუტურად აუხსნელი რამ იყო. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს პირდაპირ გეუბნებით – პოლიტიკაში ასეთი რამ არასწორ საქციელად ითვლება და არა მარტო პოლიტიკაში, ცხოვრებაშიც ასეა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, რომელიც ყველა უბნის შედეგებს ეყრდნობა, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.52 % (1 147 627 ხმა) მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 40.48 % ( 780 633 ხმა).