როგორც ბაქრაძემ თქვა, საპროტესტო აქციასთან მიმართებაში ისინი სოლიდარულები არიან, მაგრამ ორგანიზებაში მონაწილეობას არ მიიღებენ. მისი განმარტებით, ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლის მთავარი გზა გადის პოლიტიკურ რეფორმებზე და არა საპროტესტო აქციებზე.
„შექმნილ ვითარებაში სრულიად გასაგები და ლეგიტიმურია თითოეული იმ ადამიანის წუხილი, ვისაც მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის გაპროტესტება უნდა მოხდეს კანონიერი საპროტესტო საშუალებებით.
ჩვენ გვესმის თითოეული ასეთი ადამიანის წუხილი. მაგრამ „ევროპულ საქართველოს“ მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლის მთავარი გზა გადის პოლიტიკურ რეფორმებზე და არა საპროტესტო აქციებზე.
შესაბამისად, პოლიტსაბჭომ მიღო გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულად კვირას დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ჩვენ ვართ სრულად სოლიდარული თითოეული მოქალაქის და ადამიანის, რომელიც იქ მიდის საკუთარი პროტესტის გამოსახატად და უსამართლობის გასაპროტესტებლად, მაგრამ როგორც პარტია ორგანიზაციულად ჩვენ ამ აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
„ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გუშინ, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს პოლიტიკური და მორალური უფლება საპარლამენტო უმრავლესობა ჰქონდეს, რის გამოც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.