„ბევრი ამბობს, რომ ეს იყო არჩევანი არა თქვენსა და ზურაბიშვილს შორის, არამედ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის“, – აღნიშნა ჟურნალისტმა ინტერვიუს დროს, რაზეც ვაშაძემ უპასუხა:
„ეს ისევ პროპაგანდაა, იმიტომ, რომ ყველამ იცის, ეს იყო არჩევანი ჩემსა და ივანიშვილს შორის. სააკაშვილს არაფერი აქვს საერთო ჩემს კამპანიასთან.
დიახ, ის ჩნდება ტელევიზორის ეკრანზე... მაგარამ ნახეთ ჩემი პროგრამა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ნაწილში. თქვენ ოდესმე გსმენიათ მისგან რაღაც, რაც ჩემს შეთავაზებებს ემთხვევა? სერიოზულად ვამბობ, დამიჯერეთ, ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში. არვიცი, როგორი იქნება გაერთიანებული ოპოზიციის შემადგენლობა მომავალში, თუმცა ვისურვებდი ამ კავშირის შენარჩუნებას და შესაძლოა გაფართოებასაც კი. ყველა ამ რეფორმას პირველ 100 დღეში გავატარებთ“.
გრიგოლ ვაშაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მოსაზრება არის მხოლოდ ერთი ადამიანის პოზიცია და მას საერთო არაფერი აქვს გაერთიანებულ ოპოზიციასთან.
„როგორც ყველა ცივილიზებულ საზოგადოებაში, მას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. მაგრამ მე ის [სააკაშვილი] არ გამომიყენებია, არ შემიძლია ტელევიზიით გამოსვლა ავუკრძალო. ეს მისი არჩევანია. ძალიან ხშირად მე მისთვის წინააღმდეგობის გაწევა მიხდება; ისევ და ისევ მიწევს გამეორება, რომ მისი აზრი არის ერთი ადამიანის აზრი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჩემთან, ჩემს მომხრეებთან და გაერთიანებულ ოპოზიციასთან. მაგალითად, თუნდაც მისი მოწოდება სამოქალაქო დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.