weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დავით უსუფაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის აქციას არ უერთდება

15:46 შაბათი, 01 დეკემბერი 2018

„შენების მოძრაობის“ ლიდერი და საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი დავით უსუფაშვილი ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ მიერ კვირას დაგეგმილ საპროტესტო აქციას არ უერთდება. როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, ისურვებდა, რომ გრიგოლ ვაშაძემ ამსტერდამიდან დასახული ტაქტიკით არ იმოძრაოს.

„იქ მისული „ევროპელები“ [ევროპული საქართველო] თუ იქიდან მოდიან კვირის აქციისას, ახლა ჩვენ იქ მივალთ? აქცია გასაგებია, მესმის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის. მან მიიღო ძალიან სერიოზული მხარდაჭერა. არჩევნების შემდგომ პერიოდში პოლიტიკური აქტივობები თითქმის აუცილებელია, მაგრამ ვისურვებდი, რომ მან უკვე არაკანდიდატის როლში კვლავ პრეზიდენტის დარი სოლიდურობა გამოავლინოს და მაინცდამაინც ამსტერდამიდან დასახული ტაქტიკით არ იმოძრაოს ხვალ და ზეგ. ეს კარგი იქნება ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება.

იმ გზას და გეზს, რაც ამსტერდამიდან იქნა მოხაზული, არც „ნაცმოძრაობა“ მიჰყავს სადმე და არც ქვეყანა.

დავაკვირდები, რა პოზიციაზე ჩამოყალიბდება „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ამ ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. რა თქმა უნდა, ყველა აქციას ვერ შევუერთდები და არ შევუერთდები“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, „შენების მოძრაობა“ მხარს უჭერს პროპორციული სისტემით ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.

„მე არაერთხელ მივმართე ქვეყნის ხელისუფლებას და საპრეზიდენტო კანდიდატებს, ერთ წელიწადში პროპორციულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმებისთვის არჩევნების დღემდე ეზრუნათ. ეს იქნებოდა პოლიტიკური პროცესების სახელმწიფოებრივი ინტერესის შესაბამისად წარმართვის საუკეთესო საშუალება. დღეს, განსაკუთრებით, ყოფილი პრეზიდენტის პოსტ-საარჩევნო ტაქტიკის ფონზე, ამგვარი შეთანხმების ალბათობა არ გაზრდილა. ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს, მაგრამ ვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში წარმატებისთვის - ვითხოვთ უკეთესს და ვემზადებით უარესისთვის“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 29 ნოემბერს, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს პოლიტიკური და მორალური უფლება საპარლამენტო უმრავლესობა ჰქონდეს, რის გამოც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. 2 დეკემბერს დაანონსებული მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნაც პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონული პრინციპით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იქნება.

„ევროპულმა საქართველომ“ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს. დავით ბაქრაძის თქმით, პოლიტიკური ბრძოლის გზა პოლიტიკურ რეფორმებზე გადის და არა საპროტესტო აქციებზე. ამასთან, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ თქვა, რომ აქციაში მონაწილეობას მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]