„კახა ასკურავას მიერ დღეს მორიგი ტყუილი გავრცელდა. კერძოდ, სოციალური ქსელის საშუალებით მან გამოაქვეყნა 17 პირადობის მოწმობის ფოტო, რომელიც, მისივე თქმით, ლანჩხუთში იპოვა და რომლებიც, როგორც თავად ამტკიცებს, არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენეს. სერვისების სააგენტოს მიერ დაუყოვნებლივ გადამოწმდა წარმოდგენილ ფოტოებზე ასახული ადამიანების პირადი მონაცემები.
ყველა ეს ადამიანი გარდაცვლილია 2008-2010 წელს. შესაბამისად, მათი მონაცემები არც სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაშია და ცხადია, ვერ მოხვდებოდა ვერც ამომრჩეველთა ერთიან სიაში“, – განაცხადა გიორგაძემ.
მისივე თქმით ასკურავას მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი დაბეჭდილია 2010 წლამდე და გაუქმებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში.
„გარდაცვალების ფაქტის დადასტურებისთანავე პირს უუქმდება ყველა მისი საიდენტიფიკაციო მონაცემი და ამის შემდეგ ეს დოკუმენტი ჩვეულებრივი ქაღალდია. მისი გამოყენება სამართლებრივი მიზნებისთვის წარმოუდგენელია. სწორედ ასეთი გაუქმებული პირადობის მოწმობები წარმოადგინა დღეს კახა ასკურავამ“, – განაცხადა სოსო გიორგაძემ.
მისივე ინფორმაციით, ამ საქმესთან დაკავშირებით ასკურავა პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
იგივე პირადობის მოწმობები თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემაც წარმოადგინა. ვაშაძის თქმით, ყალბი პირადობის მოწმობები საარჩევნო უბანთან გადაყრილი იპოვეს.
„ეს საქართველოს ის მოქალაქეები არიან, ვინც 10-20 წლის წინ გარდაიცვალნენ და საფლავიდან ადგნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის არჩეული კანდიდატისთვის ხმა მიეცათ. ეს ის საოცარი დემოკრატიაა, რომელშიც ვცხოვრობთ“, – განაცხადა ვაშაძემ და პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.