„ინაუგურაციის დეტალები მუშავდება. როგორც სხვებისგან გაიგეთ, თელავში გაიმართება და მეც ვადასტურებ, რომ იქნება თელავში, მინდოდა პირველს მე მეთქვა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, ინაუგურაციაზე უცხოური დელეგაციები იქნებიან მიწვეული.
„უცხოურ დელეგაციებთან მოსაწვევები დაიგზავნება. მოვიწვევთ ყველას, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, შემდეგ მათი გადასაწყვეტია ვინ დაესწრება. ინაუგურაციას დაესწრება, რა თქმა უნდა, გიორგი მარგველაშვილიც“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური, რომლის შედეგადაც მოქალაქეებმა 6 წლის ვადით ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტი აირჩიეს, 28 ნოემბერს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.52 % (1 147 701 ხმა) მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 40.48 % (780 680 ხმა). აღსანიშნავია, რომ თელავის საარჩევნო ოლქში ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო.