ზურაბიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ არ არსებობდა წინაპირობები, რომლებიც მას მომავალში აიძულებენ, დარჩეს ივანიშვილისა და მისი პარტიის ერთგული.
სალომე ზურაბიშვილმა წინასაარჩევნო კამპანიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის იყო სასტიკი, სავსე ძალადობისკენ მოწოდებებით, ველური კრიტიკითა და მკვლელობის მუქარებით.
„კამპანიის დროს თავს მესხმოდნენ იმის გამო, რომ ვარ „კრემლის აგენტი“ და „მოღალატე“, რომ ვერ ვსაუბრობ ქართულად და „ეკლესიის საწინააღმდეგო შეხედულებები“ მაქვს. ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეული იყო. რელიგია, ენა, ქვეყნისთვის თავდადება ქართული იდენტობის განმსაზღვრელი ელემენტებია, მთავარი ელემენტები, რისიც მწამს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ განცხადებამ სალომე ზურაბიშვილს ბევრი მტერი გაუჩინა, განსაკუთრებით ომის ვეტერანებს შორის, რომლებიც მას მოღალატეს უწოდებდნენ.
„ისინი მოკვლით გვემუქრებოდნენ მე და ჩემს შვილებს“, – აღნიშნავს ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური, რომლის შედეგადაც მოქალაქეებმა 6 წლის ვადით ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აირჩიეს, 28 ნოემბერს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 59.52 % (1 147 701 ხმა) მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 40.48 % (780 680 ხმა).