როგორც გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან თქვა, არ შეიძლება ჩაატარო ინაუგურაცია, როდესაც ქვეყანას კანონიერად არჩეული პრეზიდენტი არ ჰყავს.
„არაფერი პრობლემა არ გვაქვს. თუ უნდათ ჩაატარონ თბილისში, თუ უნდათ ზუგდიდში. სადაც უნდათ იქ ჩაატარონ. არავინ აპირებდა მათი ე.წ. ინაუგურაციის ჩაშლას. არ შეიძლება, როდესაც ქვეყანას არ ჰყავს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, ჩაატარო ინაუგურაცია. ამიტომ, ეს შოუ სადაც უნდა იქ ჩაატარონ“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური, რომლის შედეგადაც მოქალაქეებმა 6 წლის ვადით ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აირჩიეს, 28 ნოემბერს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 59.52 % (1 147 701 ხმა) მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 40.48 % (780 680 ხმა). გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს.