„ამ პირობებში საქართველო ვერც პოლიტიკურად იარსებებს და ვერც ეკონომიურად. რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, დღევანდელი ე.წ. ხელისუფლების პირობებში, ყველა მომდევნო არჩევნები ემსგავსება იმ უმსგავსობას, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოხდა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრი „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებმა ნათლად დაანახა ყველას, რომ „2020 წლამდე ყველაფრის ამ პირობებში დატოვება, ფაქტობრივად, დემოკრატიის დასამარებას ნიშნავს“.
„უნდა შემუშავდეს თამაშის წესები, რომელიც მისაღები იქნება ყველასათვის. საუბარია საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე. ჩვენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოვითხოვეთ, მაგრამ თუ კოდექსი არ შეიცვალა, ამ კოდექსითა და საარჩევნო კომისიით არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს“ – ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის წევრი პაატა დავითაია.
არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიამ“ ხელისუფლებას „პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად“ სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა, რისთვისაც ვადა 16 დეკემბრამდე მისცა. როგორც გრიგოლ ვაშაძემ 2 დეკემბერს, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, სწორედ ხელისუფლების პასუხზე იქნება დამოკიდებული ოპოზიციის შემდეგი ნაბიჯები.