weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

მმართველობის დეცენტრალიზაცია მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა – პრემიერი

17:46 პარასკევი, 07 დეკემბერი 2018

„საქართველოს მთავრობას აქვს ურყევი პოლიტიკური ნება, გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დემოკრატიზაციის პროცესი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა ნიშნავს თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის აგებას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს.

„მისასალმებელია, რომ დღეს პარლამენტი მასპინძლობს მნიშვნელოვან ფორუმს, რომლის მიზანია დეცენტრალიზაციის, თვითმმართველობის განვითარებისა და მმართველობითი სისტემის სრულყოფის პროცესის ხელშეწყობა. საქართველოში და ქართულ დემოკრატიაში თვითმმართველობას ყოველთვის განსაკუთრებული როლი ჰქონდა და სიმბოლურია, რომ დღევანდელი ჩვენი ხედვა სრულ თანხვედრაშია ჩვენი წინაპრების ხედვასთან, პირველ რესპუბლიკასთან, თუ როგორ სურდათ მათ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის ამოცანა და მიზანია საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფა, თითოეული მოქალაქისა თუ საზოგადოებრივი ჯგუფის თავისუფალი განვითარება და სრულფასოვანი საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდება.

„ეს შეუძლებელია მხოლოდ ცენტრალიზებული მმართველობის პირობებში, რადგან

სახელმწიფო ორგანოების მიერ ცენტრალიზებულად მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად ვერ პასუხობს ადგილებზე ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს.

იმისთვის, რომ მმართველობის სისტემა ადეკვატურად პასუხობდეს საზოგადოებრივ მოთხოვნებს და უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, აუცილებელია მმართველობითი უფლებამოსილებებისა და შესაბამისი რესურსების გადანაწილება მმართველობის ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეებს შორის“, – აღნიშნა ბახტაძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა თქვა, მმართველობის დეცენტრალიზაცია და სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

„სახეზეა მრავალი წინ გადადგმული ნაბიჯი.

ჩვენ ურყევად მივიწევთ დეცენტრალიზაციის გზით, ადგილებზე დემოკრატიული მექანიზმების მყარად დასამკვიდრებლად დამატებითი ფინანსური რესურსები წლიდან წლამდე იზრდება და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არ იქნება 2019 წლის ბიუჯეტი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს ურყევი პოლიტიკური ნება, გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დემოკრატიზაციის პროცესი.

ფორუმზე, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის 120-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას განიხილავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]