weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

არ ვაპირებ მონაწილეობას აქციაში სადაც ვაშაძეს მიესალმებიან როგორც პრეზიდენტს – სამადაშვილი

15:07 შაბათი, 08 დეკემბერი 2018

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტის დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ის აღარ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ისეთ აქციაში, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილ საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც პრეზიდენტს.

სამადაშვილს მიაჩნია, რომ ახალგაზრდა ქართული დემოკრატია ყოფნა-არყოფნის ზღვარზე გადის, ამ გამოწვევის დაძლევას კი სჭირდება კარგად გათვლილი და მრავალსვლიანი გეგმა, რომელსაც მხარს დაუჭერენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებიც.

„ინაუგურაციის პარალელურად აქციის დაგეგმვაზე საუბრის გამო, მსურს, საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. ეს არჩევნები ჩატარდა უდიდესი დარღვევებით. საუბარმა არალეგიტიმურობაზე, სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე, იმაზე, რომ ზურაბიშვილი არაა ქვეყნის პრეზიდენტი და ა.შ. გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო შეფასებები იყო ბევრად ნაკლებად კრიტიკული, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. შედეგად, ივანიშვილის ხელისუფლება ნაკლებად დაზიანდა, ვიდრე საჭირო იყო.

ამიტომ, მე პირადად, აღარ ვაპირებ არანაირ აქციაში მონაწილეობის მიღებას, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს. ეს მხოლოდ აზიანებს ოპოზიციის ინტერესებს ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ყველგან და ყოველთვის გავაპროტესტებ სალომე ზურაბიშვილის არჩევას იმ არჩევნების გზით, რომელიც არც დემოკრატიული იყო და არც სამართლიანი. გავაპროტესტებ იმას, რომ ივანიშვილს მიტაცებული აქვს ქვეყანაში სრული ძალაუფლება“, – წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

სამადაშვილი მიიჩნევს, რომ დემოკრატიის დასაცავად საჭიროა ფართო გაერთიანება – პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებრივი ჯგუფების და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ზეწოლა ივანიშვილზე. შესაბამისად, მისი აზრით, ნებისმიერი აქციის მოთხოვნები უნდა იყოს: გამაერთიანებელი, შედეგზე ორიენტირებული, არ უნდა აფრთხობდეს ჩვენს დასავლელ მეგობრებს და არ უნდა შეყავდეს სიტუაცია ჩიხში.

„სალომე ზურაბიშვილის არალეგიტიმურობის გზავნილი და გრიგოლ ვაშაძის გამოცხადება საქართველოს პრეზიდენტად, არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს.

მსგავსი გზავნილები იყო კვირას გამართულ აქციაზე. მიმაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნების სისტემის შეცვლა პროპორციულ წესზე გადასვლასთან დაკავშირებით, ამის შემდგომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, არის სწორი მოთხოვნა. ისიც, რაც საბოლოოდ ივანიშვილის და ერთპარტიული მმართველობის დამარცხებას სჭირდება. შესაბამისად, ინაუგურაციის დღეს დაგეგმილი აქციის გზავნილები მნიშვნელოვანი იქნება ამ ფართო ოპოზიციური ერთიანობის უზრუნველსაყოფად. ინაუგურაციის პარალელურმა აქციამ არ უნდა შექმნას „ალტერნატიულ რეალობაში“ არსებობის აღქმა“, – განამარტავს სამადაშვილი.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება. ამავე დღეს საპროტესტო აქციას გეგმავს გაერთიანებული ოპოზიციაც, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს. აქციის ჩატარების ერთ-ერთ ადგილად თელავიც განიხილება. ამასთან, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიცია ინაუგურაციისთვის ხელის შეშლას არ აპირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]