weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პირადად ვიძიებ შურს ყველაზე, ვინც გაბედავს აჭარლების ღირსების შეურაცხყოფას – რიჟვაძე

14:38 ორშაბათი, 10 დეკემბერი 2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, ჯელალ ქიქავას განცხადებას და თქვა, რომ ის პირადად იძიებს შურს ყველა იმ ადამიანზე, ვინც „აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას გაბედავს“.

ვიდეო, სადაც რიჟვაძე შურისძიებაზე საუბრობს, Facebook-ში მის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

„ჩვენი ოპონენტების საქციელი, მათი განცხადებები, სცდება უკვე ყოველგვარ ზღვარს. გუშინ თქვენ მოისმინეთ ქიქავების და სხვა, ამ ტიპის სუბიექტების ყოვლად სამარცხვინო განცხადებები.

პირადად ვაცხადებ, რომ პირადად ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას.

ჩვენ მათ საკონტროლო დარტყმა გავუკეთეთ და პირობას ვდებ, რომ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე და ყველა ეს ადამიანი ამ ველისგან გაიწმინდება. არავისთან არ ვაპირებ არც პოლიტიკურ, არც მერკანტილურ ვაჭრობას. ბატონი პრემიერის ხელმძღვანელობით ჩვენი გუნდი დაიცავს თითოეული ადამიანის უფლებას და თავისუფლებას. უნდა მიეჩვიონ, რომ ჩვენთან ვაჭრობა ვერ გაგრძელდება ვერც მერკანტილური, ვერც პოლიტიკური“, – ამბობს თორნიკე რიჟვაძე.

ჯელალ ქიქავამ 7 დეკემბერს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებამ ქვეყანაში რევოლუციური ტალღა წარმოქმნა. მან 2017 წლის მარტის მოვლენებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ აჭარლები გასაპროტესტებლად მაშინაც კი არ გამოსულან, როდესაც „ყივჩაღები მათ ცოლებს აუპატიურებდნენ“.

„ჩვენ ბათუმში ვნახეთ ბუმი. ჩემი თვალით ვნახე გაჭირვებული ხალხის ბუმი, კინაღამ ქალაქი გადაწვეს. იმას ხელმძღვანელი არ ჰყავდა. იმას რომ ხელმძღვანელი ჰყოლოდა, ისინი მთელ ქალაქს გადაწვავდნენ. მაშინაც ვთქვი მე, რომ 300 წელი ყივჩაღები აუპატიურებდნენ აჭარლების ცოლებს, შვილებს, იპარავდნენ, მუსლიმანობას აღებინებდნენ და აჭარლები გარეთ არ გამოსულან და 6 თვეში იმდენი გააკეთეს, რომ აჭარლები გარეთ გამოიყვანეს და კინაღამ, თავისი ქალაქი გადააწვევინეს. არადა ყველაზე კანონდამჯერი ხალხი საქართველოში, ყველაზე დიდი ქართველები და ერთ-ერთი დიდი ქართველები არიან აჭარლები, რომლებმაც შეინარჩუნეს ქრისტიანობა, ქართული ენაც და ყველა ადათ-წესი“, – განაცხადა ჯელალ ქიქავამ გადაცემაში „პირველები“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]