„პრეზიდენტმა კომისიის სხდომა ჩანიშნა, შემდგომ შეაჩერა. თუ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეწყალების აქტი ახლა არ მიიღო, ის საქმეები, რომლებიც ამ წუთას არის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოსული, იქნება განხილული უკვე შემდგომი კომისიის მიერ. ალბათობა იმისა, რომ ამ სამ დღეში პრეზიდენტი შეწყალების აქტს გამოსცემს, ისეთივეა, როგორც ალბათობა იმისა, რომ არ გამოსცემს“, – განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ.
შეწყალების კომისიის ერთ-ერთი წევრი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი შეწყალების აქტის გამოცემას არ აპირებს. ლომჯარიასთვის უცნობია, რა გახდა კომისიის სხდომის გაუქმების მიზეზი.
„გამომდინარე იქედან, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი, სავარაუდოდ, კომისიის სხდომა არ შედგება. სხდომები ამ კვირაში იყო ჩანიშნული, მაგრამ ალბათ, არ შედგა იმის გამო, რომ პრეზიდენტი, სავარაუდოდ, აღარ გეგმავს მორიგ შეწყალებას“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დიმიტრი ხუნდაძე და მირიან წიკლაური აცხადებენ, რომ უმჯობესი იქნება, შეწყალების მორიგი აქტი ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოსცეს.
„გიორგი მარგველაშვილის დროს ჩვენ ვნახეთ შეწყალებები, რომლებიც მძიმე შედეგებით დასრულდა. ამიტომ, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, რომ ახალმა პრეზიდენტმა უფრო მაღალი პასუხისმგებლობით ჩაატაროს შეწყალება“, – ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.
გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო ვადა 16 დეკემბერს იწურება. ინაუგურაციის შემდეგ ამ თანამდებობას 6 წლის ვადით სალომე ზურაბიშვილი დაიკავებს.