„სწორი და ადეკვატური იქნება, რომ პარტიის ლიდერი და ადამიანი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიაჩნიათ ლიდერად საკუთარ პარტიაში, დაბრუნდეს და აიღოს პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ ეს, რაც ახლა ხდება და რაც წლების განმავლობაში კითხვის ნიშანს ბადებდა ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ, ეს საკითხი გახდებოდა ბევრად უფრო გასაგები.
ჩვენს პარტნიორებს არაერთხელ დაუსვამთ კითხვა – „რა სახელმწიფო მოწყობა გაქვთ?“. ეს მოწყობა ჯერჯერობით ასე ნათლად არცერთ სახელმწიფო სისტემაში არ არის აღწერილი და ბუნებრივია, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს საქართველოს მიმართ.
გავიგეთ, რომ პრემიერ-მინისტრები ისე უნდა მიდიოდნენ, რომ გაუგებარი იყოს, ვისთან მოუვიდათ კონფლიქტი; გავიგეთ, რომ პრეზიდენტს უნდა ვებრძოდეთ იმიტომ, რომ მისი ხასიათი არ მოგვწონს და ა.შ. მაგრამ რა ჰქვია ამ სახელმწიფო მოწყობას? - დაახლოებით რომ ვიცოდეთ. ჯერ ასეთი სახელი ამ სისტემისთვის არ არის მოგონილი. ამიტომ თავიდანვე, როდესაც ბატონი გიორგი [ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი] წავიდა თანამდებობიდან, მე მიმაჩნდა და ძალიან სწორი იქნება, რომ ბიძინა ივანიშვილი გახდეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი დღეს კავკასიის უნივერსიტეტის მედიასკოლის სტუდენტებს შეხვდა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.