weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზვიად გამსახურდიას შვილები მამის მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით შიმშილობას იწყებენ

16:00 პარასკევი, 14 დეკემბერი 2018

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები, მამის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების მოთხოვნით მთავარ პროკურატურასთან შიმშილობას იწყებენ. კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, 2018 წლის ბოლოს ხანდაზმულობის ვადა იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე გამოუძიებელი დარჩება.

„საქართველოში არსებულმა ყველა ხელისუფლებამ და კონკრეტულად დღევანდელმა ხელისუფლებამ საქმე მოიყვანა იქამდე, რომ სულ რაღაც ორ კვირაში, შესაძლოა, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, საქმე შეწყდეს კითხვებზე პასუხების გაცემის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლიდან მოყოლებული მათ ვაძლევდი იმ ადამიანების სიას, რომლებმაც შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები იცოდნენ იმაზე, რაც მოხდა 1993 წლის მიწურულს და შესაძლოა, იყვნენ ამ ამბების აქტიური მონაწილენი. არვიცი რის გამო – დოყლაპიობის, უნიათობის თუ პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, დღევანდელმა ხელისუფლებამ, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე გადააკვალიფიცირა 2015 წელს, არაფერი არ გააკეთა“, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

მისივე თქმით, არის კონკრეტული ადამიანი, ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც „სხვებიც ხელს ადებენ, მაგრამ დღევანდელი პროკურატურა ცდილობს, რაღაცნაირად მოერიდოს“.

„ასეთი ადამიანების გამოვლენას წამოყვება მთელი წყება იმ ადამიანებისა, რომლებიც ჩართულები იყვნენ საბჭოთა და რუსული სპეცსამსახურების დავალებით საქართველოს პრეზიდენტის დევნასა და ლიკვიდაციაში. ძალიან მაღალი ალბათობით, ეს მაღალჩინოსანი ამ ყველაფრის ორგანიზატორი იყო.

მე და ჩემი ძმა ვაცხადებთ შიმშილობას აქ, მთავარ პროკურატურასთან იქამდე, ვიდრე ეს საქმე არ იქნება გამოძიებული, არ იქნება ბოლომდე მიყვანილი, პასუხისგებაში არ მიეცემიან ის ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს შემზარავი დანაშაული. მოვუწოდებ ყველას, მხარი დაგვიჭირეთ, კიდევ ერთხელ მოვითხოვოთ სამართლის აღსრულება“, - აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში გარდაცვლილი იპოვეს. 1994 წელს საქმე თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა.

2009-2011 წლებში პარლამენტში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე დროებითმა სპეციალურმა კომისიამ იმუშავა, რომელსაც დეპუტატი კონსტანტინე გამსახურდია ხელმძღვანელობდა. კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც მიმართავდა მთავარ პროკურატურას „სათანადო რეაგირება“ მოეხდინა საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმეზე გამოვლენილ „ახალ ფაქტებსა და გარემოებებზე“.

გამსახურდიას ოჯახმა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2014 წელს მთავრობას საქმის გამოძიების დასრულების თხოვნით მიმართა. წერილში გამსახურდიები აღნიშნავდნენ, რომ მმართველმა ძალამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გამოავლინა პოლიტიკური ნება, რომ მსვლელობა მისცემოდა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებათა გამოძიებას და საქმის დასრულებას.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2015 წელს საქმე გადააკვალიფიცირა და გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]