weather cur horoscope tv
აგვისტო 11, 2022

ქარტიის საბჭოს დასკვნით, „რუსთავი 2“-მა კახა კალაძის განცხადება განზრახ დაამახინჯა

16:14 შაბათი, 15 დეკემბერი 2018

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა დიანა ჯოჯუამ და თამარ ბაღაშვილმა განზრახ დაამახინჯეს თბილისის მერის კახა კალაძის განცხადება და ისე წარმოაჩინეს, რომ თითქოს კალაძე ქართველ სამხედროებს 2008 წლის ომში თანამებრძოლთა ცხედრების მიტოვებაში ადანაშაულებდა.

საქმე ეხება „რუსთავი 2“-ის ეთერში 2018 წლის 16 ნოემბერს გასულ სიუჟეტს - „დედაქალაქის მერი ქართველ სამხედროებს 2008 წელს საკუთარი თანამებრძოლების ცხედრების ბრძოლის ველზე მიტოვებაში ადანაშაულებს“.

ქარტიას განცხადებით დავით მახარაშვილმა მიმართა. ის მიიჩნევდა, რომ საინფორმაციო გადაცემა „კურიერში“ კახა კალაძის ბრიფინგიდან ინფორმაცია არასწორად გაავრცელეს. განმცხადებლის თქმით, კახა კალაძეს არ უთქვამს, რომ „ქართველმა სამხედროებმა 2008 წლის ომში თანამებრძოლთა ცხედრები ბრძოლის ველზე მიატოვეს“. იგი ახსენებს პარტიასა და მის ლიდერს და არა ქართველ სამხედროებს. ამის დასტურად განმცხადებელმა ქარტიის საბჭოს კალაძის ბრიფინგის სრული ვერსია წარუდგინა.

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, თამარ ბაღაშვილმა და დიანა ჯოჯუამ ქარტიის პირველი და მეთერთმეტე პრინციპი დაარღვიეს. პირველი პრინციპი ჟურნალისტებს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს. მეთერთმეტე პრინციპის თანახმად კი, უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად მიიჩნევა ფაქტის განზრახ დამახინჯება.

ქარტიის საბჭო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

გუშინ გამართულ სხდომაზე ქარტიის საბჭომ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ შპს „ამს ეარლაინსის“ განცხადებაც განიხილა. სადავო მასალა ეთერში 2018 წლის 30 სექტემბერს გავიდა და ეხებოდა ქართული ავიაციის სავარაუდო გამოყენებას ფულის გათეთრების პროცესში. სიუჟეტის თანახმად „ამს ეარლაინსი“ ფრენებს შესაბამისი ნებართვის გარეშე ახორციელებდა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტმა მიხეილ სესიაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი - სიზუსტე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]