„ხვალიდან უკვე აქციებს ვიწყებთ. აქციები არ შეწყდება არცერთი დღე. არ მკითხოთ რა აქციები იქნება. ამას ჩვენს მხარდამჭერებს შევატყობინებთ და ხვალ ყველაფერი გეცოდინებათ. ხაზს ვუსვამ, აქციები იქნება მშვიდობიანი, საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში“, – აღნიშნა ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებიც დაასახელა.
„გაერთიანებული ოპოზიცია ადასტურებს ყველა მოთხოვნას, რომელიც წამოყენებული გვქონდა. კატეგორიულად მოვითხოვთ, უმოკლეს ვადებში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები; თავიდან ბოლომდე შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სიით; ხელისუფლებამ კეთილი ინებოს კრიმინალური მეთოდებიდან პოლიტიკურ პროცესში დაბრუნდეს.
მოვითხოვთ, ყველას დასჯას, ვინც საარჩევნო ყუთებში ბიულეტენები ბღუჯა-ბღუჯა ყარა. კატეგორიულად მოვითხოვთ იმ პიროვნების დასჯას, რომელმაც სიკვდილამდე მიიყვანა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი;
კატეგორიულად მოვითხოვთ ყველა იმ კრიმინალის დასჯას, ვინც გუშინ, მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეებს თავს დაესხა; კატეგორიულად მოვითხოვთ იმ ვითომ პოლიციელების დასჯას, რომელთაც ამ სადამსჯელო ოპერაციის ხელმძღვანელობა ჰქონდათ დავალებული“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.