როს უილსონის განცხადების თარგმანს „რუსთავი 2“ ავრცელებს:
„აშშ-სთვის სასიამოვნო და საპატიო იყო ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობა. ჩვენ მივულოცეთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ინაუგურაცია და რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის. რაც შეეხება გუშინდელ მოვლენებს, აშშ, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს თავისუფალი სიტყვისა და თავისუფალი შეკრების უფლებას. მხარს ვუჭერთ, რომ ამ უფლებით მშვიდობიანი გზით ისარგებლონ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ კადრების გამო, რაც ვნახეთ და რასაც ეს კადრები ეუბნებოდა ქართველ ხალხს და საქართველოს მეგობრებს მთელ მსოფლიოში.
მოვუწოდებთ მშვიდობისკენ. საქართველო ახლა წინ უნდა წავიდეს. მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს ქვეყანა და მისი მომავალი“.
16 დეკემბერს, საპროტესტო აქციის გამართვის მიზნით თელავისკენ მიმავალ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებსა და მხარდამჭერებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესთან გზა ავტობუსებით ჩაუხერგა, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ინციდენტის დროს დაშავდნენ როგორც ოპოზიციის მხარდამჭერები, ისე სამართალდამცავები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ სამართალდამცავები დაპირისპირების ამსახველ ვიდეოებს სწავლობენ.