weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გიგი უგულავას განცხადებით, მათ აქციებზე ხელისუფლება პროვოკატორს გზავნის

13:11 პარასკევი, 21 დეკემბერი 2018

პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის, გიგი უგულავას განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე სავარაუდოდ აგენტ-პროვოკატორს გზავნის. როგორც უგულავამ თქვა, 16 დეკემბერს, თელავში გამართული აქციის დროს პარლამენტის კუთვნილი ავტომობილი დიდი ალბათობით სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიგზავნილმა მამაკაცმა დააზიანა.

„2 დეკემბრის, რუსთაველის გამზირზე აქციაზე, როდესაც მედიას ინტერვიუს ვაძლევდი, ჩემს უკან იყო მამაკაცი, რომელსაც პლაკატი ეჭირა – „ამერიკა მტერია, რუსეთი - მეგობარი“. ამის შემდეგ ამ ადამიანს კონფლიქტი მოუვიდა აქციის მონაწილეებთან და შეირაცხა, როგორც მოგზავნილი პროვოკატორი. 16 დეკემბერს, თელავში იგივე ადამიანი უკვე წარწერით „სად ერეკლე და სად მიწა-წყლის გამყიდველი სახელმწიფო“ დგას გზის სავალ ნაწილზე, გზას უკეტავს დეპუტატების მანქანას, რის შედეგადაც ქალბატონი ხულორდავას მანქანის შუშა ჩაიმტვრა“, – განაცხადა გიგი უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოძიების დაწყებას და აღნიშნული პირის იდენტიფიცირებას ითხოვს.

„რატომ არ არის ეს ადამიანი იდენტიფიცირებული აქამდე? რატომ არ არის მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული, როდესაც ვხედავთ, რომ ოპოზიციის ლიდერებზე ანალოგიურ შემთხვევაში პატიმრობაა გამოყენებული, როგორც აღკვეთის ღონისძიება.

გამართლებად არ შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი ექსცენტრიულია. მაღალი ალბათობით, ეს არის ადამიანი, რომელსაც ადგილობრივი სუს-ი იყენებს, როგორც პროვოკატორს. ამ ფაქტის დადგენა არის მნიშვნელოვანი პირველ რიგში იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ წარმოჩინდეს მართლმსაჯულების ორმაგი სტანდარტი, სადაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ თქვენთვის არაფერი არ არის შესაძლებელი და თქვენზე კანონი მთელი სიმკაცრით ვრცელდება, ხოლო ის პროვოკატორი ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან არიან მოგზავნილი, მათზე არაფერი ვრცელდება. დღეს მოდის ბატონი გახარია პრლამენტში, კეთილი ინებოს და განმარტოს, რატომ ხდება შერჩევითი სამართალი, ერთი და იმავე ქმედებისთვის რატომ ისჯება ერთი ადამიანი და რატომ არ ისჯება მეორე“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

16 დეკემბერს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს, გაერთიანებულმა ოპოზიციამ თელავში საპროტესტო აქცია გამართა. აციის მონაწილეებმა ალყა შემოარტყეს ავტომობილს, რომელშიც პარლამენტის წევრები თამარ ხულორდავა და სოფიო ქაცარავაც იმყოფებოდნენ. მათ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტის შედეგად ავტომობილის საქარე მინა დაზიანდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]