შს მინისტრი დეპუტატების წინაშე 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშით წარსდგა, რის შემდეგაც პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხებს.
„ეს გამოსვლა დამატებითი დეტალებით არ დავტვირთე, რამეთუ მესმის, რომ დღეს, მიუხედავად ბევრი დისკუსიებისა ფორმატზე, უფრო მნიშვნელოვანია ის აქტუალური საკითხები, რომლებზეც შესაძლებელია პარლამენტარებს სურდეთ საუბარი. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ მართლა მზად ვართ მწვავე კითხვებისთვის და მწვავე დისკუსიებისთვის და არცერთ შემთხვევაში არ მოგვიძებნია და არ ვეძებთ კომფორტულ პირობებს. ასევე ვიტოვებთ ჩვენი მხრიდან მწვავე კითხვების დასმის უფლებას. თუმცა, ისიც კარგად გვესმის, რომ დღეს, ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა არის ჩვენი ვალდებულება და თმენის ვალდებულებაც არის ჩვენი ვალდებულება. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ და იმედი გამოვთქვა, რომ გვექნება საშუალება შინაარსობრივად ვიმსჯელოთ, თუნდაც მწვავედ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ ვიცეკვოთ პოლიტიკური ცეკვები კამერების წინ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, სადაც გიორგი გახარია გამოდის, ასევე ესწრებიან 2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად გარდაცვლილი დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე. სარალიძის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას შეკითხვები როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის წევრებმა დაუსვეს.