weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ცდილობენ დავით კირკიტაძის შემთხვევას პოლიტიკური სარჩული მიაწებონ – პრემიერი

22:11 შაბათი, 22 დეკემბერი 2018

ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევას მიაწებონ პოლიტიკური სარჩული. მოხდა კონკრეტული სამართალდარღვევა, მთელმა საზოგადოებამ ეს ნათლად იხილა და შესაბამისად, მოხდა რეაგირება, რომელიც იყო კანონის ჩარჩოებში მოქცეული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის დაკავებასთან დაკავშირებით.

„რაც მოხდა, მთელმა საზოგადოებამ ნათლად იხილა. ჩემი აზრით, ეს ბოიკოტი და მათი შეფასებები კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს „ნაციონალური მოძრაობის“ რეალურ სახეს. ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული ადამიანი, რომელიც ძალადობდა სამართალდამცველებზე და აყენებდა მათ შეურაცხყოფას.

ამ შემთხვევაშინაციონალური მოძრაობის“ ლოგიკა არის ის, რომ რადგან ვინმე პოლიტიკური აქტივისტია და კონკრეტული სახელის და გვარის მატარებელი, მას უნდა ჰქონდეს იმუნიტეტი. ჩვენს სამართალდამცველებს ეს თემა ასე უნდა გაეტარებინათ? ეს არის სრულიად წარმოუდგენელი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თქვა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი „დემოკრატიული მეთოდებით შეინარჩუნებს სიმშვიდეს და მართლწესრიგს, მაგრამ ამავე დროს, საქართველოში ყოველთვის იქნება მართლმსაჯულების მაღალი სტანდარტი“. პრემიერმა სამართლიანობის განცდის საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ სწორედ სამართლიანობის განცდა წარმოადგენს სოციალური სტაბილურობის და მდგრადობის მთავარ გარანტს ნებისმიერ ქვეყანაში.

„უფრო მეტიც, სამართლიანობის განცდის არსებობა ან არარსებობა განაპირობებს ამავე დროს ნდობის ხარისხს ნებისმიერი ხელისუფლების მიმართაც და ეს არის ძალიან ობიექტური მომენტი. ბოლო 100 წლის განმავლობაში ჩვენი საზოგადოება ცხოვრობდა ისეთ გარემოში, სადაც ხელისუფლება მას ხან ჩაგრავდა, ხან ატყუებდა. 2012 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო ეს ძალადობრივი სისტემა, ყველაზე დიდი ღირებულება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ჩვენი სახელმწიფოსთვის, იყო ის, რომ სისტემაში დაბრუნდა ჰუმანურობა და ობიექტურობა და ამას ადასტურებს ნებისმიერი საერთაშორისო რეიტინგი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს, დავით კირკიტაძეს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის სოფელ ველისციხეში აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კირკიტაძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ დავით კირკიტაძე პოლიტიკური პატიმარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]