„შეხვედრის ფარგლებში, უწყებები დაგეგმილ აქტივობებს შეაჯერებენ. ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობა, მმართველობის ეფექტიანობის და ოპერატიულობის ხარისხის გაზრდას შეუწყობს ხელს“, – აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში.
არაოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე ბოლო პერიოდში პარტიაში არსებული დაპირისპირება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სია განიხილება. „ქართული ოცნების“ შეხვედრას არ ესწრება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ პარტიიდან ეკა ბესელიას გარიცხვაზე მსჯელობენ.
„ტარდება სემინარი, შეხვედრა როგორც იცით ჩართულები არიან უცხოელი სპეციალისტებიც იმასთან დაკავშირებით, რომ გაუმჯობესდეს კოორდინაცია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. არის გარკვეული კონკრეტული თემებიც. ძირითადად არის კოორდინაციის და მენეჯმენტის გაუმჯობესება... რაც შეეხება მოსამართლეების თემას, პარლამენტმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ დაჩქარებული წესით ამ საკითხის განხილვა არ იქნებოდა სწორი და გადაწყვეტილებაც იყო შესაბამისი. არც ერთი სიტყვა და არც ერთი შიდა კამათი არ შეხებია კონკრეტულ პერსონებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.