weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

როგორც პრეზიდენტი უკრაინას ეკლესიის ავტოკეფალიას არ მივულოცავ – ზურაბიშვილი

11:25 შაბათი, 12 იანვარი 2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებითაც ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ თუ საქართველოს ეკლესია და საპატრიარქო ფრთხილობენ, რაღაც შედეგების გამო, არ შეიძლება, რომ ის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი იყოს ნაკლებად პასუხისმგებლიანი და გააკეთოს ხმამაღალი განცხადება, როგორც პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს, ძალიან სენსიტიური საკითხია.

„ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი, რომელიც ჩემთვის პირადად და მგონი, ძალიან ბევრისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან კარგად ვიცით, კარგად გვახსოვს, თუ რა მნიშვნელობა შეიძინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენამ 1917 წელს ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის და შემდეგ დამოუკიდებლობის აღდგენისთვის. საქართველოში ეს იყო დამოუკიდებლობის საწინდარი. ეს არის ჩვენი ისტორიული გზა, სადაც საუკუნეების მანძილზე სწორედ ეკლესია იყო წინა პლანზე და ეკლესია ქმნიდა სახელმწიფოს სიძლიერეს, დამოუკიდებლობასა და მის განვითარების საწინდარს ყველა მხრივ. ეს არ არის ალბათ უკრაინის ისტორიული გამოცდილება. სხვანაირი ქვეყნები ვართ და არ გვაქვს ერთნაირი გამოცდილება, მაგრამ ეს მნიშვნელობა ყველასთვის არსებობს.

ძალიან მარტივი იქნებოდა ჩემთვის უკრაინის ხალხისთვის ავტოკეფალიის მილოცვა, რადგან ეს არის ჩემთვის ძალიან ბუნებრივი, როგორც ვთქვი, ჩემი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე.

მაგრამ დღეს, მე როგორც კერძო პირი არ გესაუბრებით, მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი და ამდენად, მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, რომ საქართველოს ეკლესიამ, საპატრიარქომ ჩემზე ნაკლებად არ იცის და არ ანიჭებს მნიშვნელობას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, ჩემზე ნაკლებად არ იცის, რა მოჰყვა მას და რამდენად მნიშვნელოვანია.

თუ საქართველოს ეკლესია და საპატრიარქო ფრთხილობენ რაღაცებს, რაღაც შედეგების გამო, რომელზედაც არ მინდა ახლა ხაზგასმა, მაგრამ ყველას გვესმის რას ეხება, არ შეიძლება, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი ვიყო ნაკლებად პასუხისმგებელი.

„მე გითხარით უკვე, რომ ჩემთვის ადვილი იქნებოდა მილოცვა, მაგრამ არ მივულოცე, რადგან არ ვთვლი, რომ მაქვს უფლება, ავიღო პასუხისმგებლობა ამ საკითხების მიმართ, არ მინდა, რომ დავაკონკრეტო გარკვეული მიზეზები, მაგრამ ყველამ ვიცით, რა საფრთხეები შეიძლება, იყოს. ეს ყველაზე კარგად იცის საქართველოს საპატრიარქომ. მე არ ავიღებ ჩემს თავზე იმის პასუხისმგებლობას, რომ გავამძაფრო არსებული სიტუაცია“, – აღნიშნა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

6 იანვარს, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი გადასცა. მანამდე ბართლომე პირველმა ყველა ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქებსა და მთავარეპისკოპოსებს მოუწოდა, ამ საკითხისთვის მხარი დაეჭირათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]