როგორც კობახიძემ თქვა, აქ საუბარია იდეის დონეზე და იმაზე, რომ პრობლემას სჭირდება ანალიზი.
„პრობლემა კი სახეზეა. ყველა ვხედავთ ამ პრობლემას.აქ საუბარია არა მარტო ცილისწამებაზე, არამედ მძიმე ფორმით შეურაცხყოფაზე, რაც ისმის ყოველდღიურად, როგორც სატელევიზიო სივრცესა და სოციალურ ქსელებში, ასევე სხვა ფორმით და ბილწისტყვაობაც კი გახდა ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, სამწუხაროდ, რაც ნამდვილად არ შეესაბამება ქართულ კულტურას.
ჩვენი საზოგადოება დგას ბევრად უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ეს ჩანს ხანდახან იმ სურათიდან, რომელსაც ქმნის ხანდახან მედია, ხანდახან სოციალური ქსელები. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, თუ რაიმე ზომების მიღებაა შესაძლებელი, უნდა მივიღოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია მზადაა, საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქტიური დისკუსია გამართოს ცილისწამების შესახებ კანონთან დაკავშირებით, რომლის შემოღებაც საჭირო და უკვე დანერგილი პრაქტიკაა არაერთ ევროპულ ქვეყანაში.
„როდესაც მხოლოდ მედიაზეა საუბარი, მედიას აქვს თავისი ქცევის წესები და უფრო დაცულია მოქალაქე. როდესაც საქმე გვაქვს სოციალურ ქსელთან, რომელიც ზოგჯერ ანონიმურია ან სხვა ქვეყნის მიერ მართული, მე მგონია, რომ საჭიროა ამ კუთხით ვიფიქროთ. მე არ ვამბობ, რომ ვიცი, რა კანონი უნდა მივიღოთ ან რომ გადმოვიტანოთ სხვა ქვეყნიდან ამ ტიპის კანონმდებლობა.
ჩვენ უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა ჩვენი შესატყვისი, რომელიმე ახალი კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ღირსების მეტ დაცულობასაც და სიტყვის თავისუფლებასაც. ერთად ვიფიქროთ ამაზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ცილისწამების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებაზე საახალწლო მიმართვაშიც ისაუბრა. ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თავის საშობაო ქადაგებაში გაამახვილა ყურადღება.