weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ელისაშვილი მთავრობას მოუწოდებს, ცხინვალს ჰუმანიტარული დახმარება შესთავაზოს

13:06 სამშაბათი, 22 იანვარი 2019

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მოუწოდებს, ცხინვალის წარმომადგენლებთან დაუყოვნებლივ დაიწყონ კონტაქტი, რათა ოკუპირებულ რეგიონში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა შესაძლებელი გახდეს.

დღევანდელ ბრიფინგზე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ წლის დასაწყისიდან ცხინვალისა და რუსეთის დამაკავშირებელი გზა დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია, რის გამოც ცხინვალის რეგიონში, მათ შორის ცხინვალში, ახალგორში და ჯავაში, პროდუქტების შეტანა შეწყვეტილია.

„ცხინვალი სასურსათო და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა და ეს კატასტროფა შესაძლოა დღე დღეზე იყოს. ბავშვთა საკვები გათავებულია. საავადმყოფოებში, მათ შორის სამშობიაროებში, მედიკამენტები თითქმის აღარ არის.

ძალიან მძიმე მდგომარეობაა. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მეტის ღირსები არიან ის ადამიანები, რომლებმაც გადაწვეს და გაძარცვეს ქართული სოფლები, მოკლეს და შემდეგ ხელი დააფარეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელებს, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში ადამიანები ვართ და იმ რეგიონში ცხოვრობს უამრავი ჩვენი თანამოქალაქე, რომლებიც ამ წუთებში ძალიან მძიმე დღეში არიან – უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის, ბავშვებიც და მძიმე ავადმყოფები.

მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს და ჯანდაცვის მინისტრს, გამოვავლინოთ ადამიანობა და სახელმწიფოებრივი პოზიცია და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, დაიწყოს კონტაქტი ცხინვალის წარმომადგენლებთან და გამოვძებნოთ რესურსი, რომ ჩვენი მხრიდან ცხინვალში ჰუმანიტარული ტვირთი შევიტანოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს თხოვნას დიდი ენთუზიაზმით გამოეხმაურებიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები. ამდენად, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ახლა შურისძიებით სავსე კმაყოფილებით კი არ ვუყუროთ იმას, როგორ იტანჯებიან ცხინვალის რეგიონში მცხოვრები თუნდაც განდგომილი ჩვენი მოქალაქეები, არამედ უნდა გამოვავლინოთ ადამიანური და სახელმწიფოებრივი მიდგომა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]