weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა

10:48 ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებასა და შემდგომი დღის წესრიგის შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა იოჰანეს ჰანმა მედიისათვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ვიზიტი, რომელიც დაიწყო ბრიუსელით, არ არის უბრალოდ პრეზიდენტის პირველი ვიზიტი, ეს არის მკაფიო და სიმბოლური ჟესტი, რომელიც ასახავს იმ აშკარა პრიორიტეტს, რომელიც უკვე ასახულია საქართველოს ახალ კონსტიტუციაში.

„ამ პრიორიტეტში იგულისხმება ინტეგრაცია ევროპასთან, რომელსაც საქართველო ეკუთვნის თავისი კულტურით, თავისი სულით და თავისი იდენტობით. საქართველო აქ თავს საკუთარ სახლში გრძნობს.

ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ იმის, რაც კომისიამ გააკეთა ბოლო თვეების განმავლობაში. კერძოდ, ნოემბრის თვეში აქ გამართული შეკრება უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მან მისცა შესაძლებლობა საქართველოს მთავრობის თითქმის მთელ შემადგენლობას, კომისიასთან ერთად, განეხილა ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებები და ის, თუ რა არის გასაკეთებელი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერი ბათუმში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მოიპატიჟა. კონფერენცია მიმდინარე წლის ივლისშია დაგეგმილი.

„ეს კონფერენცია უნდა გახდეს მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოსთვის, ეს არის პარტნიორობის შეთანხმების მეათე წლისთავი და კონფერენცია კარგი შესაძლებლობა იქნება იმისათვის, რომ თვალი გადავავლოთ ჩვენს ურთიერთობებს და მიღწეულ პროგრესს, რომელიც ძალიან არსებითია. ეს იქნება ასევე შესაძლებლობა, რომ ბიძგი მიეცეს ახალ იდეებს, ახალ მიდგომებსა და დინამიკას ამ ურთიერთობაში, რომელიც უკვე ასოცირების შეთანხმების ხუთ წელს ითვლის. ეს იქნება ასევე კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ერთად ვიფიქროთ, როგორი იქნება ეს ურთიერთობა, რომელიც უკვე ძალიან ნაყოფიერია, ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, როდესაც ევროკავშირი გადადგამს პირველ ნაბიჯებს ახალი ინსტიტუტების შექმნის გზაზე“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და ხაზი გაესვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხს.

„უაღრესად მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ საქართველოს ახალ პრეზიდენტთან ერთად. მინდა სიამოვნებთ აღვნიშნო, რომ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ქვეყნის გარეთ ბრიუსელში შედგა. ეს ნიშანდობლივია და გამოხატავს საქართველოს ნებას, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს. ეს არის ჟესტი, რომელსაც ჩვენ ორივე ხელით მივესალმებით, მხარს ვუჭერთ საქართველოს ამ მისწრაფებას, რადგან უკვე გარკევეული პერიოდია, კარგად ვხედავთ, რომ საქართველო წინ მიიწევს სწრაფად და დაჩქარებული ტემპებით. მე მქონდა შესაძლებლობა, მეთქვა საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც გასული წლის 21 ნოემბერს იყო ვიზიტით ჩვენთან, რომ საქართველოს მთავრობა, ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მთავრობაა, რომელთანაც ევროკომისიას ჰქონდა და მომავალშიც ექნება ერთობლივი შეკრება.

ჩვენ ვავითარებთ სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას საქართველოსთან. კერძოდ, ეკონომიკის სფეროში, ვინაიდან საქართველოს ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში მაღალი ტემპებით იზრდება და ჩვენ მტკიცედ გვაქვს განზრახული გავაგრძელოთ სვლა ამ გზაზე, ამ ორ ერთობას შორის დაახლოების გზაზე.

2017 წელს ჩვენ შემოვიღეთ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მოქალაქეები მასობრივად მოგზაურობენ ევროკავშირის ქვეყნებში. დღეისთვის უკვე 300 000–მა ქართველმა იმოგზაურა.

ჩვენ გვინდა კიდევ უფრო განვავითაროთ პროგრამა „ერაზმუს +“. საქართველოს უნივერსიტეტების 3 600 სტუდენტი უკვე მონაწილეობს ამ პროგრამაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების 2 000 სტუდენტთან ერთად.

ამას გარდა, მე და ქალბატონმა პრეზიდენტმა განვიხილეთ რამდენიმე თემა, რომელიც ქვეყნის შიდა საკითხებს ეხება. კერძოდ, სასამართლო სფეროში მიმდინარე რეფორმებს და ჩვენ სიამოვნებით აღვნიშნავთ, რომ სახეზეა რეალური პროგრესი. მე დავუსვი კითხვები ქალბატონ პრეზიდენტს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ საჭირო იქნება, რომ ჩვენ ყველა შესაძლო შემთხვევაში ხაზი გავუსვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის აუცილებლობას“, – აღნიშნა ჟან-კლოდ იუნკერმა პრესკონფერენციაზე.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელს ოფიციალური ვიზიტით 22 იანვარს ეწვია. მან ვიზიტის პირველ დღეს შეხვედრები გამართა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან. მანამდე ზურაბიშვილი ქართველ სტუდენტებსა და დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]