ზაქარია ქუცნაშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იქცეოდა როგორც გამაერთიანებელი ლიდერი, „როდესაც ცდილობდა ყველასთვის მოესმინა, ვინც ამ საკითხზე აზრს გამოთქვამდა“.
შეხვედრას ესწრებოდა ეკა ბესელიაც, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ცოტა ხნის წინ გადადგა და ამის მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი დაასახელა. ქუცნაშვილმა თქვა, რომ ბესელია არ არის ერთადერთი დეპუტატი, რომელსაც განსხვავებული პოზიცია აქვს.
„ეკა ბესელია არ არის ერთადერთი, რომელსაც აქვს საკუთარი აზრი. ნუ მივაკუთნებთ ამ საკითხს ერთ პერსონას... ჩვენ უნდა დავბადოთ თავისუფალი სასამართლო სისტემა. ეს სერიოზული პროცესია. ახლა იბადება უზენაესი სასამართლოს ხელისუფლება იმ თვალსაზრისით, რომ ახალი კრიტერიუმები შეირჩეს“, – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა მოსამართლეების შერჩევის საკითხზე მსჯელობას 25 იანვარს განაგრძობს.