weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

დე ფაქტო ხელისუფლებამ გალში ქართველებს დაანახა, რომ პატრონი არ ჰყავთ – ბურჯანაძე

17:19 ორშაბათი, 28 იანვარი 2019

„თვეზე მეტია საზღვარი დაკეტილია. გალის მოსახლეობამ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას დახმარების თხოვნით იმიტომ, რომ უთავდებათ საკვები და წამლები, სტუდენტები ვერ ბრუნდებიან სასწავლებლებში, თუმცა არცერთი სიტყვა ქართული ხელისუფლების მხრიდან ამ ადამიანების დასაცავად არ გაგვიგონია, ერთი თვეა ჩვენი მოსახლეობა მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს და ამაზე რეაქცია არ აქვს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტი „ენგურის“ დაკეტვასთან დაკავშირებით.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადება, რომ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა უკავშირდება საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის გავრცელებას, სიმართლეს არ შეესაბამება.

„აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს არის კარანტინი გრიპთან დაკავშირებით, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, იმიტომ, რომ გრიპის მასშტაბები არ არის ისეთი, რომ მას საზღვრის ერთთვიანი ჩაკეტვა სჭირდებოდეს“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ამ ნაბიჯით დე ფაქტო ხელისუფლებამ გალში მცხოვრებ დაახლოებით 50 000 ქართველს დაანახა, რომ მათ „პატრონი არ ჰყავთ“.

„თანდათანობითი იზოლაცია ხდება ჩვენი მოსახლეობის. აფხაზეთის ხელისუფლებამ გალში მცხოვრებ ქართულ მოსახლეობას ამით დაანახა, რომ მათ პატრონი არ ჰყავთ. თანდათანობით იზოლაცია და ჩამოშორება ხდება გალის რაიონისაც და მოსახლეობისაც დანარჩენი საქართველოსგან. ერთი თვის განმავლობაში რომ ხელისუფლება ერთ სიტყვას არ იტყვის ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რატომ უნდა ჰქონდეს გალის მაცხოვრებელს განცდა, რომ ეს ხელისუფლება მათი პატრონია.

თუ შენ გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს ვერ პატრონობ, როგორ უნდა დაარწმუნო აფხაზები და ოსები, რომ მათ უპატრონებ, რომ მათი პრობლემები შენი პრობლემები იქნება?

გალში მცხოვრებმა ქართველებმა საპროტესტო აქციაც კი გამართეს აფხაზურ ადმინისტრაციასთან და ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას ენგურის ხიდის გახსნა მოსთხოვეს. სამწუხაროდ, ეს ინფრომაცია ქართულმა ხელისუფლებამ მედიას და საზოგადოებას დაუმალა. კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც წინა კვირას მოხდა - კიდევ ერთხელ გადმოწიეს ე.წ. საზღვარი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხრიდან და არც ამაზე ჰქონია რეაგირება ქართულ ხელისუფლებას.

რომელ პატრიოტიზმზე, რომელ ქვეყნის გაერთიანებაზე ვლაპარაკობთ, როდესაც ამ უმნიშვნელოვანეს თემებს მეასეხარისხოვან მნიშვნელობას ვანიჭებთ. რატომ უნდა ჩათვალოს ან ოსმა, ან აფხაზმა, ან რუსმა, რომ ჩვენთვის ეს თემები მნიშვნელოვანი და მტკივნეულია და არასოდეს ამ თემებით არ ვივაჭრებთ მაშინ, როდესაც ჩვენ თვითონ ამ თემებს არ ვაქცევთ იმ ყურადღებას, რასაც საჭიროებს, უფრო გვაინტერესებს შიდაპოლიტიკური კულუარული ჭორები და ბიძინა ივანიშვილის მიერ პაიკების გადანაცვლება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

აფხაზეთის და ასევე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი 22 იანვარს გამოეხმაურა. მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა ფაქტობრივად სრულ იზოლაციაშია, არ აქვს წვდომა ელემენტარულ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, მათ შორის, საკვებზე. როგორც ციხელაშვილმა თქვა, არარსებულ ეპიდემიაზე აპელირებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვას არანაირი გამართლება არ აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]