weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ეკა ბესელია ითხოვს გამოიძიონ ვინ აპირებს მისი პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებას

20:51 ორშაბათი, 28 იანვარი 2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში დაადგინონ „ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან“.

„ძალიან მოკლედ და გასაგებად ვწერ, ამ ეტაპზე, შეფასებების გარეშე: ჩემი გადადგომის თაობაზე განცხადების გაკეთებიდან დაიწყო ახალი მიზანმიმართული, დაფინანსებული ცილისმწამებლური კამპანია ჩემს წინააღმდეგ სოციალური ქსელებით, მედიით და აკრძალული მეთოდების გამოყენებით. ამ ყველაფერმა მიიღო კამპანიური დაგეგმილი ხასიათი.

მე წლების განმავლობაში ბევრჯერ გადავიტანე სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლების ძალადობრივი და ცილისმწამებლური თავდასხმები. ბოლო პერიოდში ახალი ფორმების გამოყენებით ხდება ეს შეტევა ჩემს მიმართ.

ბოლო ინფორმაცია, რაც მომაწოდეს გუშინ გვიან, სოციალური ქსელით, ჯგუფებში ვრცელდება პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი. ეს ჩანაწერი სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დროს დამზადდა და გავრცელდა ჩვენი ხელისუფლების პერიოდში.

ამ ფაქტზე 8 პირი გამოავლინა პროკურატურამ, დამნაშავედ იქნა ცნობილი. საქმე სააპელაციო სასამართლოში იყო ბოლოს. მე ამ საქმის სასამართლოში გაგზავნას არ მივიჩნევდი სწორად, რათა მასალის გავრცელების საფრთხე არ დამდგარიყო. საპროცესო შეთანხმების გაფორმება ნიშნავს პირის დამნაშავედ ცნობას და საპატიმრო სასჯელის გამოყენებას, რაც მიმაჩდა სწორად ამ ვითარებაში.

მე თავად ვიყავი ავტორი იმ საკანონმდებლო ცვლილებების, რომლითაც წინა მოწვევის პარლამენტში გამკაცრდა დანაშაული პირადი და ოჯახური საიდუმლოების და კომუნიკაციის წესის დარღვევის. ეს იმიტომ, რომ ადამიანები დაგვეცვა მორალური ტერორისგან!

ახლა რა ხდება? ვინ აირჩია ჩემთან ანგარიშსწორება ამ ფორმით? ამ კითხვებზე პასუხი მინდა უმოკლეს ვადაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.

ვის ხელში იყო ეს მასალა? ვინც განახორციელა უკანონო ჩაწერა და სცადა ჩემზე მორალური ზეწოლა 2012 წლის 1 ოტომბრის არჩევნების წინ და არაფერი გამოუვიდათ, ვინც გადასცა გამოძიებას და და ბოლოს სააპელაციო სასამართლოს ხელში… აღარ გავაგრძელებ!

ახლა კი მივმართავ საჯაროდ შალვა თადუმაძეს, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს სასწრაფოდ და უმოკლეს ვადაში დაადგინეთ, ვინ განახორციელა და ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან? ვითხოვ ყველა ფაქტზე რეაგირებას დაწყებული აბაშიძის შეკვეთილი პოსტიდან ბოლო ინფორმაციის ჩათვლით“, – აცხადებს ეკა ბესელია.

დღეს დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი ვრცელდება.

„სოციალური ქსელებით გავრცელდა სიბინძურე, რაც მიანიშნებს, რომ რაც აქამდე ხდებოდა და დაუსჯელი გახდა, იძლევა საშუალებას, რომ ანგარიშები ასეთი ბინძური ფორმით ასწორონ“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

აღნიშნული განცხადების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 157 პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]