როგორც მამუკა ბახტაძემ თქვა, გზების მშენებლობაზე 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. გარდა ამისა, რეგიონში შენდება რამდენიმე საბავშვო ბაღი, ასევე იწყება ახალი საბაგირო გზების მშენებლობა.
„არსებული ინფრასტრუქტურა ტურისტების ნაკადის მომსახურებისთვის საკმარისი არ არის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მესტია უკვე ოთხსეზონიან კურორტად გადაიქცა. ის საბაგირო გზები, რომელიც თეთნულდზე ავაშენეთ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. ჩვენ ამ ულამაზესი კუთხის პოტენციალის ხუთ პროცენტსაც კი ვერ ვიყენებთ. უკვე თითქმის 200 საოჯახო სასტუმროა გახსნილი მესტიაში და ეს ძალიან დიდი წარმატებაა, მაგრამ ეს ჩვენი პოტენციალის მხოლოდ ხუთი პროცენტია“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, დასრულებულია მუშაობა სივრცითი მოწყობის გეგმაზე, რაც კურორტის გეგმაზომიერ განვითარებას უზრუნველყოფს: „არ უნდა დავუშვათ ის შეცდომები, რომელიც იყო დაშვებული სხვა კურორტებზე წლების წინ. ეს სივრცითი მოწყობა იქნება სწორედ იმის გარანტი, რომ სვანეთი შეინარჩუნებს თავის უნიკალურ არქიტექტურას და ბუნებას, მაგრამ პარალელურად აუცილებლად განვავითარებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას“.