„ეს არის მარტივი სპეკულაცია. იქ ტელეფონების გარჩევა საერთოდ შეუძლებელია. 5 ჩანს, მარგამ IPhone 5 არ ვიცი“, – უთხრა კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს.
გუშინ, 3 თებერვალს, ნიკა გვარამიამ გადაცემაში „კვირის აქცენტები“, მისივე თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერიდან სტოპ–კადრი აჩვენა. გვარამიას განცხადებით, კადრში ჩანს iPhone 5, რომელიც 2012 წლის მიწურულს გამოვიდა.
„საქართველოში ის ვერ შემოაღწევდა 2013 წლამდე. შესაბამისად, ვისი გადაღებულია ეს ვიდეო, მინდა ძალიან კარგად გამოიძიოს საქართველოს პროკურატურამ. 2013 წელს, საქართველოს წინა ხელისუფლება მოკლებული იყო შესაძლებლობას, ეს ვიდეო გადაეღო. გამოიძიეთ კარგად, მათ შორის გადამღების ნაწილში.
დაკითხეთ ის ადამიანი, ვინც მსხვერპლი და ამ საქმის ფიგურანტია. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მათ შორის ისიც ამბობს, რომ ეს 2013 წლის კადრებია...“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გვარამია ითხოვს განმარტებას, რის საფუძველზე ამბობენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდშია გადაღებული: „გვითხარით ფაქტები. მე გეუბნებით ფაქტს – iPhone 5 დევს. მაქვს დასაბუთებული ეჭვი, ამ iPhone 5-ის და მათ შორის, მსხვერპლისგან მოწოდებული ინფორმაციების გამო, რომ ეს არის თქვენს მიერ გადაღებული და გავრცელებული. ეს რომ თქვენს მიერ ვრცელდება, ვის მიერაც არ უნდა იყოს გადაღებული, ფაქტია“.