weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

2011 წლიდან სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა 4000-დან 54 000-მდე გაიზარდა – შაშკინი

15:08 შაბათი, 09 თებერვალი 2019

გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, 2009-2012 წლებში განათლების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, საქართველოში 54 ათას სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული, რომელთაგან 17 ათასი სწავლას გადასახადის გადაუხდელობის გამო ვერ აგრძელებს. შაშკინის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ასეთი სტუდენტების რაოდენობა 4 ათასი იყო.

„მახსოვს, 2011-2012 წლებში, როდესაც განათლების მინისტრი ვიყავი, სამინისტროსთან ტარდებოდა მიტინგები და საპროტესტო აქციები იმის გამო, რომ იყო 4 ათასი სტუდენტი, რომელსაც 2011 წელს სტატუსი შეუჩერდა გადაუხდელობის გამო. ჩვენთვის ეს უდიდესი პრობლემა იყო და ამ სტუდენტების დასახმარებლად ყველაფერს ვაკეთებდით. განათლების სამინისტროდან მიღებული ოფიციალური პასუხით, ახლა საქართველოში დაახლოებით 54 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტია. მათ შორის, სამინისტროს განცხადებით, 17 ათასზე მეტმა სტუდენტმა აღნიშნა, რომ სწვალის საფასურის გადახდის ფული არ აქვს და სტატუსი ამიტომ შეუჩერდა. ეს ინფორმაცია არის ნებაყოფლობითი, ანუ სტუდენტს, რომელსაც უჩერდება სტატუსი, აქვს უფლება თქვას, ან არ თქვას, რის გამო შეუჩერდა სტატუსი. 17 ათასი პირდაპირ ამბობს, რომ ფული არ აქვს, დანარჩენი ზოგი მალავს, თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ იყო 4 ათასი და ახლა არის 54 ათასი“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

მისივე თქმით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვის ზრდა ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია: „ფასები გაიზარდა, შემოსავალი შემცირდა. ხალხს უწევს უფრო მეტის გადახდა კვებისთვის და ნაკლები ფული რჩება იმისთვის, რომ შვილებს განათლება მისცეს. ამას ემატება უმუშევრობის პრობლემა. სტუდენტებს არ აქვთ შესაძლებლობა, დასაქმდნენ და თვითონ გადაიხადონ სწავლის გადასახადი. კრედიტის აღება კი უფრო ადვილია საქორწინო მოგზაურობისთვის, ვიდრე სწავლისთვის“.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად განათლების სამინისტროში ხარჯების ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს. მისივე თქმით, უფასო ფაკულტეტების დაფინანსების ნაცვლად, საბიუჯეტო რესურსი, რაც დაახლოებით 25 მილიონი ლარია, 54 ათასი სტუდენტის სწავლის გადასახადის დაფარვას უნდა მოხმარდეს, ასევე, უნივერსიტეტებში უნდა შეიქმნას სოციალური ფონდები, რითიც უმაღლესი სასწავლებელი საკუთარ სტუდენტებს დაეხმარება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]