„იტალიის პარლამენტის გუნდი აპირებს ჩამოსვლას და ჩვენთან შეხვედრას. ეს იქნება ჩვენი მხრიდან ძალიან კარგი ნაბიჯი ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებისთვის. ჩვენ, უმრავლესობის წევრებს დაწყებული გვაქვს ეს აქტივობები. რამდენიმე დღის წინ ვეთამაშეთ „ჯიპას“ სტუდენტებს და სხვა სტუდენტებთანაც იგეგმება ანალოგიური შეხვედრები. მოგიწოდებთ ჯანსაღი ცხოვრებისკენ, კოლეგებო“, - აღნიშნა დეპუტატმა.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოში სპორტი სტაბილურად ვითარდება და ბევრი სპორტული ღონისძიება ტარდება.
„ჩვენი ოპონენტების გასაგონად მინდა განვაცხადო, რომ საქართველო სტაბილურად და ძალიან კარგად ვითარდება. ზუსტად ამის დასტურია, რომ მხოლოდ 2017 წელს ჩატარდა ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბში, ეხლა ტარდება ცხრამეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფეხბურთში. ესეთი ტურნირები არ ჩატარებულა არასდროს საქართველოში. ასევე ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში. ეს ტენდეცია აუცილებლად გაგრძელდება. საზოგადოების და თქვენს გასაგონად მინდა ვთქვა, ჩემო კოლეგებო, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს“,- განაცხადა ყაველაშვილმა.
ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის წევრად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აირჩიეს. ის ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატია. 1988 წლიდან 2006 წლამდე მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში და საზღვარგარეთ სხვადასხვა საფეხბურთო კლუბში თამაშობდა. 2016 წელს კი საზოგადოებრივ მაუწყებელში საფეხბურთო ექსპერტი იყო.