„ივანიშვილი იძახდა, დაგაჩმორებთ, უცხოეთში ყველგან მოგწვდებით. არ გამოუვა, რადგან იტალიაში 3 მარტს ვაპირებთ ძალიან მაგარ შეკრებას. იქ უკვე განსაკუთრებულ ზომებს მივიღებთ. იქ გამოვიყვანთ ჩვენი ემიგრაციის ვარსკვლავებს, მათ ვალაპარაკებთ და ამჯერად მხოლოდ მე აღარ ვილაპარაკებ. მათ ვერ ჩაგვიშალეს ღონისძიება ლიეჟში. უბრალოდ, ხელი შეგვიშალეს ასეთ ფართო ურთიერთობაში. წარმოუდგენელი რამ ხდებოდა. ჯერ ერთი, ნახეთ, რა ხალხი მოიყვანეს ლიეჟში, რას ჰგავდნენ. მწვადები დაურიგეს, მერე ეს მწვადები დაყარეს იმ კონგრესის ჰოლში, მერე პლაკატები დახიეს, უკაცრავად და ქალთა საპირფარეშოში ჩასაფრებული იყო რამდენიმე ჯეელი მოჭიდავე, იქიდან გამოვარდებოდნენ და ესხმოდნენ თავს ქართლოსს, ჩემს პაროდისტს. იქიდან გამოსულმა რამდენიმე მოჭიდავემ კიბიდან დააგორა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, იტალიაში „ბარდაგს“ ვერავინ მოაწყობს და „პოლიციას ბორკილდადებულებს ჩააბარებენ ყველას, ვინც შეეცდება მშვიდობიან მოქალაქეებს პრობლემები შეუქმნას“.
„ჩვენ მაინც ჩავატარებთ სერიოზულ დისკუსიას. ისინი არიან დაბოღმილები და დაკომპლექსებული ავადმყოფები და ჩვენ გვყავს ნათელი, გონებაგახსნილი, ჭკვიანი, ინტელექტუალური, წარმატებული ადამიანები. ასეთია საქართველოს უმეტესობა. ამ საქართველოს ეს ასლანის ბაბუინების ახალი ნაირსახეობა, ივანიშვილის გორილები ან მოჭიდავეები, ბრტყელთავიანები და ბრტყელყურებიანი სიმახინჯეები, კვიციანების და ინაშვილების რაღაცა ბუკეტი სანაგვიდან ამოთხრილი ჭაობის ბინადრების, ნამდვილად ვერ შეგვიშლის ხელს, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რას ვაკეთებთ“, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.
სააკაშვილი ემიგრანტებს 10 თებერვალს, ლიეჟში შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო. მისი განცხადებით, შეხვედრაზე დასასწრებლად ემიგრანტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან და ევროპის ქვეყნებიდან ჩავიდნენ.
შეხვედრის დაწყებამდე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და შეხვედრაზე მისულ საქართველოს სხვა მოქალქეებს შორის ინციდენტი მოხდა. ისინი, ვისაც შეხვედრაზე შესვლის ნება არ მისცეს, აცხადებდნენ, რომ ემიგრანტები იყვნენ, თუმცა მედიასთან საკუთარი ვინაობის დასახელება არ ისურვეს. მათ თან ჰქონდათ „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო პლაკატები, მათ შორის წარწერით „არა ნაცებს, არა ბოროტებას“. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შეხვედრის ჩაშლა ბიძინა ივანიშვილმა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) აგენტურამ სცადა.