weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აბაზოვი მისთვის მარნეულის მერის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს

14:08 ოთხშაბათი, 13 თებერვალი 2019

არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული თემურ აბაზოვი, რომელსაც ამ დრომდე მარნეულის მერის უფლებამოსილება შეჩერებული ჰქონდა, საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართავს. მისი განცხადებით, არ სურს, მერის თანამდებობაზე მუშაობა მძიმე ბრალდებით გააგრძელოს.

როგორც აბაზოვი ამბობს, თანამდებობის დატოვების მიუხედავად, პარტია „ქართული ოცნების“ წევრად დარჩება.

„ვფიქრობ, ამ პერიოდში არ იქნება მიზანშეწონილი ასეთი ბრალდებით, ასეთი ბინძური პროვოკაციის შემდეგ, გავაგრძელო იგივე თანამდებობაზე მუშაობა. ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, სადაც არანაირი სამხილი და ფაქტები არ არსებობს, რომ მე ვიღებდი მონაწილეობას და რამე გავაკეთე. პროკურატურას დღესაც კი არ აქვს პასუხი, იქ რა სითხე იყო“, – განაცხადა აბაზოვმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

საკრებულო თემურ აბაზოვისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე უახლოეს დღეებში იმსჯელებს.

თემურ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს. როგორც პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა აბაზოვის დაკავების შემდეგ განაცხადა, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 ივნისს, მარნეულში მცხოვრები ელჩინ ა-ი იმყოფებოდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერზე, თემურ აბაზოვზე განაწყენებულმა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით განახორციელა პირდაპირი ვიდეოჩართვა, რა დროსაც, თემურ აბაზოვის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

„იმავე დღეს, ღამის საათებში, მას დაუკავშირდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რაგიმ ასკეროვი, რომელმაც სთხოვა შეხვედრა. რაგიმ ასკეროვის მოთხოვნით ისინი შეხვდნენ ერთმანეთს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები.

პარლამენტის წევრმა აზერ სულეიმანოვმა ელჩინ ა-ს მოსთხოვა აეხსნა, ვისი დავალებით შეაგინა მარნეულის მერი, რის შემდეგაც აზერ სულეიმანოვმა, რამინ ალახვერდიევმა და მოქალაქე ე.გ-მ ელჩინ ა-ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ, ელჩინ ა-ი მარნეულის საკრებულოს წევრებმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა და რამინ ალახვერდიევმა წაიყვანეს მარნეულში, ე.წ. „ჟეჟებეს“ რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ ელოდებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი.

მისვლისთანავე თემურ აბაზოვმა ელჩინ ა-ს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ა-ი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე“, – თქვა წიკლაურმა 13 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.

თემურ აბაზოვს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას ედავება. აღნიშნული მუხლი გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე, ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

2018 წლის 14 ივნისს რუსთავის საქალაქო სასამართლომ თემურ აბაზოვს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რაც მერის უფლებამოსილების შეჩერების საფუძველია. 13 დეკემბერს, ამავე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოთი შეუცვალა და საპატიმროდან გაათავისუფლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]