„წილად მხვდა დიდი პატივი, სამხრეთ ოსეთის ხალხის სახელით, სახელმწიფო ჯილდოები გადავცე იმ რუს ჟურნალისტებს, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოში, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხალხის მიმართ საქართველოს მუხანათური აგრესიის ტრაგიკული მოვლენების ობიექტურად გაშუქების საქმეში მამაცობა, სიმტკიცე და ნამდვილი გმირობა გამოიჩინეს“, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა დაჯილდოების ცერემონიაზე და რუსი ჟურნალისტები ცხინვალში მიიწვია.
„რეს“-ის ცნობით, ჟურნალისტები „სამამულო ომში სამხრეთ ოსეთის ხალხის გამარჯვების მე-10 წლისთავისთვის“ მიძღვნილი მედლით გასული წლის აგვისტოში დაჯილდოვდნენ, თუმცა ჯილდო 12 თებერვალს, მოსკოვში გადაეცათ.
დაჯილდოებულთა შორის არიან: ევგენი პოდდუბნი – რუსეთის დამსახურებული ჟურნალისტი და სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის (ВГТРК) სპეციალური კორესპონდენტი; ოლგა კირი – ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამსახურებული ჟურნალისტი და „იზვესტიას“ პროდიუსერი; ასხატ კოკაევი, Russia Tоday-ის ტელეოპერატორი; ნიკოლაი ბარანოვი – ტელეარხ Звезда-ს პროდიუსერი; აშრაფ ალ-საბაღი – Russia Tоday-ის კორესპონდენტი; ალეკსეი კომაროვი – ტელეარხ ТВ Центр-ის ტელეოპერატორი და ალეკსეი სტეპანოვ-მოლოდოვი – ТВ Центр-ის ხმის ოპერატორი.