ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ ნიკა მელიამ არგუმენტად მოიყვანა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სადავო სიაზე გააკეთა. კობახიძის თქმით, 2012 წლამდე სასამართლო სისტემა უვარგისი იყო, თუმცა ის ადამიანების შეცლის გარეშე შეიცვალა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, „ადამიანები რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცეებს, ახლა ჩადიან კარგ რაღაცეებს“.
„პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი კობახიძე მურუსიძეზე და ჩინჩალაძეზე იძახის – ადრე ცუდი იყო და ახლა კარგი გახდაო. გეკითხებით, მე, დავუშვათ, ცუდი ვიყავი, ახლა რატომ არ შეიძლება კარგი გავმხდარიყავი? ჩვენ რატომ ვართ ცუდები და რატომ არის, მაგალითად, მურუსიძე, ჩინჩალაძე კარგი?!“ – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ მორალური უპირატესობა დაკარგული აქვს, რადგან „თავის რიგებში შეიკედლა ყველა ის ადამიანი, ვისაც წლების განმავლობაში აგინებდნენ და აძაგებდნენ“.
„როდესაც შენ არ მიგაჩნია დანაშაულად ის, რაც დღეს, 2019 წელს, 2018 წელს ხდება და საუბრობ 2006 წელზე, არ ხარ გულწრფელი და როდესაც ლევან მურუსიძეს მიიჩნევ მისაღებ, როგორც უკეთილშობილეს ადამიანს, მორჩა, გათავდა, დაესვა წერტილი.
2012 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში თავისი არსებობა დაასრულა, ნახევარზე მეტი იმ ადამიანების დღეს არიან „ქართულ ოცნებაში“ - 12 დეპუტატი ზის პარლამენტში.
მურუსიძე, ბედუკაძე, ჩინჩალაძე და ნახევარი წინა ხელისუფლება დღეს რომ არის „ქართულ ოცნებაში“, წინა ხელისუფლებაზე საუბარი, როგორც მინიმუმ, არაგულწრფელია, აღარ მივიღებ... ხალხო, გეკითხებით, რატომ ვარ მე ცუდი, თუ მურუსიძე ცუდი იყო და დღეს არის კარგი? მეც იქნებ გამოვსწორდი?“ – განაცხადა ნიკა მელიამ.