ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას „ფრანგულ-ქართული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომლის საფუძველზეც ქვეყნებს შორის დიალოგს ინსტიტუციური ხასიათი მიეცემა და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავა.
ასევე, დაგეგმილია შეხვედრა საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის IFRI წარმომადგენლებთან. საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში გამართულ დებატებში მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის საექსპერტო წრეების წარმომადგენლები, დიპლომატები, ბიზნესმენები და პოლიტიკოსები.
საქართველოს პრეზიდენტი პარიზში, პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში SciencesPo წაიკითხავს საჯარო ლექციას საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე, სახელწოდებით „საქართველო და ევროპა, შესაძლებლობები ცვალებად გარემოში“.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს ასევე იუნესკოში, ეწვევა პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიას, ლევილის შატოს, პარიზში შეხვდება ქართველ სტუდენტებს და დიასპორის წარმომადგენლებს, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში დიასპორის ჩართულობის საჭიროებასა და მექანიზმებზე ისაუბრებს.
საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქმეთა დროებითი რწმუნებული საფრანგეთის რესპუბლიკაში თეონა გიუაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე ნათია სულავა.