„დღეს ზოგიერთი ექსპერტი აცხადებდა, რომ ეს არის აღმოსავლეთ ევროპისკენ მიმართული საფრთხე. ნება მომეცით, არ დავეთანხმო ამ მოსაზრებას. ეს საფრთხე ემუქრება მთელს ევროატლანტიკურ სამყაროს. ეს დიდი საშიშროებაა.
ჩემი პოზიცია ასეთია – ვიდრე არ გვექნება ხელშესახები და ძლიერი უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში, ის მდგრადი ვერც ევროპაში იქნება.
ჩვენი ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ. უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია იმ ერების ინიციატივებისა, რომლებსაც თავისუფლების და დემოკრატიის სწამთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ის, რომ შავი ზღვის რეგიონი ევროპისა და ნატოსთვის სულ უფრო პრიორიტეტული ხდება, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
„რუსეთი აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას, მაგრამ გამძლე ერი ვართ.
ყოველთვის ვცდილობ, ხაზი გავუსვა, რომ ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი გაწევრიანება არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს ცივილიზაციური, ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია.
ბოლოდროინდელი სოციალური აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების იდეას. ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი მოსახლეობის მხრიდან. რატომ? იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს ერის ცივილიზაციური არჩევანია და ამ გზავნილის მიტანას ვცდილობთ ჩვენს კარგ მეგობრებთან დასავლეთში“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
თემატურ დისკუსიაში, რომელსაც ევრაზიის ჯგუფის პრეზიდენტი იან ბრემერი მოდერატორობდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და ეუთოს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი მონაწილეობდნენ.