„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. „თიბისი ბანკი“ არის სისტემური მნიშვნელობის, ძლიერი ფინანსური ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, ის, რომ ბანკი წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ჩვენი ეკონომიკის წარმატებაა და ეს ყველას კარგად აქვს გააზრებული.
ეროვნულმა ბანკმა, როგორც რეგულატორმა მიიღო გადაწყვეტილება და ბუნებრივია, მე მის შინაარსობრივ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ვიცი ერთი რამ:
ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებს ძალიან მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვით და ეს არის ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პოზიცია.
„თიბისი ბანკი“ არის ძლიერი, სისტემური ბანკი და ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი არა მხოლოდ ფინანსური სექტორისთვის, არამედ ზოგადად ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის. აქედან გამომდინარე,
მსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ პოლიტიკური სპეკულაციებისგან. ეს არის ძალიან ჩარჩოში მოქცეული პროფესიული მიდგომებიდან შესაფასებელი სიტუაცია და მას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
მარეგულირებელმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და თუ ვინმეს აქვს პრეტენზია ამ საკითხზე, სწორედ შინაარსობრივი არგუმენტები უნდა ისმოდეს და არა პოლიტიკური სპეკულაციები. ეს ნამდვილად არ წაადგება საქმეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე შეფასებით, ასევე ძალიან ცუდი სპეკულაციაა ამ თემის დაკავშირება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან.
„მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი გახლავთ ამ უმნიშვნელოვანესი იდეის ინიციატორი და ჩვენ, როგორც მთავრობა, ყველა ფინანსურ ინსტიტუტთან აქტიურად ვსაუბრობთ, რომ რაც შეიძლება დროულად დაიწყოს საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისგან ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის დაფინანსება. ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და ამავე დროს რეგიონისთვის. ჩვენ შევძელით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად ყველა წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა გაითვალისწინა ანაკლია და მიმდინარეობს მისი დაფინანსების განხილვა. შესაბამისად,
ამ საკითხის პოლიტიკურ სპეკულაციებში გადატანა, რა თქმა უნდა, სრული უპასუხისმებლობაა. საქართველოს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და აუცილებლად ექნება ის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის გაწვევას ითხოვს და ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად ორ თვეს აძლევს. 14 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ ამ მოთხოვნის საფუძველია „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.
„საკითხის შესწავლისას გამოვლინდა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.
მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, 11 წლის წინანდელი საკითხი, რაზეც ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, „მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია DENTONS-მა შეისწავლა და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რამე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი“. ხაზარაძე თქმით, დიდ ეჭვს იწვევს ისიც, რომ ეროვნული ბანკის მიერ „ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და ბანკის რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის - ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან“.