weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ანაკლიის პორტი არა მამუკა ხაზარაძის, არამედ სახელმწიფოს პროექტია – წულუკიანი

13:24 ორშაბათი, 18 თებერვალი 2019

„ისეა წარმოჩენილი, თითქოს, ანაკლია არის ხაზარაძის პროექტი. ანაკლია არის სახელმწიფოს პროექტი, სახელმწიფომ გამოაცხადა ტენდერი და მოისურვა ანაკლიის პორტის მშენებლობა. თითქოს, მამუკა ხაზარაძემ ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, რომ აქ მე პორტს ავაშენებ და ეს ქვეყნისთვის კარგია, ეს ასე არ არის“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ წულუკიანმა აღნიშნა, რომ „თიბისი ბანკთან“ მიმართებაში არსებული კითხვების ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირება, სპეკულაციაა და ოპოზიცია ცდილობს ეს თემა საკუთარ თემად აქციოს.

„სახელმწიფო როდესაც პროექტს ახორციელებს და ჰყავს დაქირავებული, ტენდერში გამარჯვებული ადამიანი, საკუთარი პროექტის ჩავარდნა რატომ უნდა უხაროდეს. ამიტომ მე ერთს მეორესთან არ დავაკავშირებდი“, – თქვა წულუკიანმა.

მისივე განცხადებით, დღეს „თიბისი ბანკის“ მიმართ კითხვა არ ისმის, კითხვა ისმის კონკრეტული ხელმძღვანელების სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე.

„ამ გადაწყვეტილებების მიმღები მიმღები პირები ზრდასრული, კომპეტენტური და საკმაოდ მნიშვნელოვანი წარსულის მქონე ადამიანები არიან, ისინი ალბათ არ იზამენ ისე, რომ თუ მათ შეექმნათ პრობლემა, გადაიყოლონ ინსტიტუტიც.

იმედი მაქვს, ასე არ მოხდება. ეროვნული ბანკის მხრიდან ვხედავთ, რომ მისი მიზანი ეს არ არის. პირიქით, ეროვნული ბანკის მიზანია, რომ ყველა საბანკო ინსტიტუტი დაცული იყოს და გამართულად აგრძელებდეს მუშაობას. ამიტომ ბურთიც და მოედანიც მამუკა ხაზარაძისაა, როგორც თავად მოიქცევა, ისე იქნება მისი ბანკიც.

ის, რომ კითხვა არ დამისვათ, რადგან დიდი ბანკირი ვარ, მგონია, არასწორია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის გაწვევას ითხოვს. ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად საბჭოს ორთვიანი ვადა მისცეს. 14 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ ამ მოთხოვნის საფუძველია „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.

„საკითხის შესწავლისას გამოვლინდა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, 11 წლის წინანდელი საკითხი, რაზეც ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, „მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია DENTONS-მა შეისწავლა და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რამე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი“. ხაზარაძე თქმით, დიდ ეჭვს იწვევს ისიც, რომ ეროვნული ბანკის მიერ „ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და ბანკის რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის - ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან“.

„თიბისი ჰოლდინგი“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, ძირითადი პატნიორი და პროექტების დეველოპერია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]