weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

12:20 სამშაბათი, 19 თებერვალი 2019

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერების თაობაზე კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის თანახმად, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს.

კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პირველი მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით განიხილა. კანონპროექტი ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძის, ოთარ ჩრდილელის, ზვიად კვაჭანტირაძის, კობა ნარჩემაშვილის, ალექსანდრე ერქვანიას, დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ არის წარდგენილი.

ეკა ბესელიას განმარტებით, კონსტიტუცია ამბობს, რომ ის მოსამართლეები, რომლებიც შეიძლება განწესდნენ პირველად 2024 წლის 31 დეკემბრამდე, შეიძლება უვადოდ არ დანიშნო. მისივე თქმით, ვენეციის კომისია თავის დასკვნებში მიესალმება გამოსაცდელი ვადის გამოყენებას 2025 წლამდე, ვინაიდან ამ დრომდე უნდა დასრულდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა.

„ჩვენი მიდგომა არის ასეთი, რომ ამ შეჩერების პროცესით, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მოკლე დროში, გააზრებულად განვახორციელოთ ცვლილებები“, – აღნიშნა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ კომიტეტმა გადაწყვეტილები უნდა მიიღოს კონსტიტუციის, ასევე, სამართლიანი პრინციპების და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად. ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მან ვერ მიიღო პასუხი კონკრეტულ კითხვაზე - ამ კანონპროექტისთვის მხარდაჭერა იქნება თუ არა სამართლიანი იმ მოქალაქეების პოზიციებიდან, რომლებიც ელოდებიან კიდევ უფრო მეტ კვალიფიციურ კადრს სასამართლოში და კიდევ უფრო სწრაფ მართლმსაჯულებას.

„როდესაც ჩვენ ვაჩერებთ უვადოდ დანიშვნას, რას ვპასუხობთ ამ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მოლოდინი კიდევ უფრო კვალიფიციური მოსამართლეების და სასამართლოში კიდევ უფრო სწრაფი მართლმსაჯულების. პასუხი მე ამ შეკითხვაზე ვერ მივიღე“, – განაცხადა ოხანაშვიმა.

მისივე თქმით, კანონპროექტზე, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას ეხებოდა, თავის დროზე ხელი ეკა ბესელიამ, ვანო ზარდიაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, გურამ მაჭარაშვილმა და გედევან ფოფხაძემაც მოაწერეს.

„თქვენ შეგეძლოთ, თუკი ეს საკითხი პრობლემატური იყო, მაშინაც დაგესვათ ის სამსჯელოდ. ეს არის თქვენი ინიციატივა, რომელსაც თქვენ დაახლოებით ერთი წლის წინ მხარს უჭერდით და თუ ასეთი პრობლემატური იყო და ასეთი დასაფიქრებელი იყო, და მე გეთანხმებით, რომ დასაფიქრებელი იყო, ალბათ უფრო მეტი დრო უნდა დაგვეთმო. შესაბამისად, ჩვენ და პირადად მე, ვერ მივიღე იმ შეკითხვებზე პასუხი, რა შეკითხვებიც აქ დაისვა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე ჩავარდა, მისი განხილვა პლენარული სხდომის ფორმატში მოხდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]