weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჯანი ბუკიკიო - საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ბლოკირებულია, კრიზისში ხართ

17:39 ხუთშაბათი, 29 ივნისი 2017
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო

„საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ბლოკირებულია, ვინაიდან არ არის კონსენსუსი კონსტიტუციის პროექტზე, რომელიც შესწავლილი იყო ვენეციის კომისიის მიერ“, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„როგორც ადრე ვთქვი, პროექტი მართლაც კარგი იყო. შეიძლებოდა მისი გაუმჯობესება. ჩვენი მოსაზრებების წარდგენის შემდეგ რაღაც ცვლილებები განხორციელდა, მაგრამ ამ ცვლილებებს არ ეთანხმებიან სხვა პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით კი ოპოზიცია. ამიტომ მოვიწვიე ყველა პასუხისმგებელი პირი, რომ წავიდეთ შესაძლო კომპრომისებზე, რომ მივაღწიოთ ფართო კონსენსუსს და მივიღოთ კონსტიტუციის ლეგიტიმური ტექსტი. ძალიან იმედგაცრუებული ვარ და ყოველ საათს უფრო იმედგაცრუებული ვხდები, რადგან მჯეროდა ქართული პოლიტიკური კლასის, რომ გადადგამდა წინ ნაბიჯს უფრო დემოკრატიული კონსტიტუციის მისაღებად. დღეს კი კრიზისში ხართ“, - აღნიშნა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა.

ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას აზარალებს და მისი თავიდან დაწყებაა საჭირო.

„დღეს ყველანი ვდგავართ ჩიხური სიტუაციის წინაშე. იმისთვის, რომ არ შეჩერდეს ქართული დემოკრატიის განვითარება, იმისთვის რომ დემოკრატია არ შევიყვანოთ ჩიხში, ჩვენ უნდა შევხედოთ ვითარებას. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს ის, რომ ეს პროცესი სერიოზულად აზარალებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და იმიჯს. უნდა დავიწყოთ კონსტიტუციური პროცესი ისე, როგორც ის უნდა მიმდინარეობდეს, დიალოგის, ჩართულობის, კონსენსუსის, ღირებულებებიდან გამომდინარე. გავიგე, რომ 6 თვე დასჭირდა იმისთვის, რომ ჩვენთვის ეს ანბანური ჭეშმარიტება ევროპიდან ეთქვათ, მაგრამ ახლა, ამ მომენტში გავიაზროთ ვითარების სირთულე, ნუ შევიყვანთ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას კრიზისში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ჯანი ბუკიკიო „ქართული ოცნებიდან“ პრემიერ-მინისტრს და პარტიის თავმჯდომარეს, გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და საპარლამენტო უმრავლესობის სხვა ლიდერებსაც შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციის ცვლილებების დროს მნიშვნელოვანი პოლიტიკურ კომპრომისები გააკეთა.

„რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესი არის საკმაოდ რთული და ჩვენ ამ პროცესში ვართ. მადლობა გადავუხადე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისთვის და გვქონდა ასევე საუბარი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომპრომისები და ვფიქრობ, რომ ასევე ოპოზიციამაც უნდა შეხედოს ამ კომპრომისებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან მიღწევას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუცია ლეგიტიმური და ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი იქნება.

პრეზიდენტთან და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციას შეხვდა.

საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის კანონის პროექტი მეორე მოსმენით 23 ივნისს მიიღო. პროექტს მხარი 115 დეპუტატმა დაუჭირა. განხილვას ბოიკოტი ოპოზიციურმა პარტიებმა გამოუცხადეს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა ვერ თანხმდება, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა კი 2024 წლის არჩევნებისთვის მოხდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]