weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უდუმაშვილი: „ოცნებას“ გავისტუმრებთ იგივე ბრალდებით, რაც კუპრავას წაუყენეს – პანღურით

10:29 პარასკევი, 22 თებერვალი 2019

საქართველოს მოსახლეობა ზუსტად იმავე ბრალდებით გაისტუმრებს „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან, რა ბრალდებაც ზვიად კუპრავას წაუყენეს – ეს არის პანღური“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ზვიად კუპრავასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.

„დღეს მოსამართლე ელენე გოგუაძემ კიდევ ერთხელ განუცხადა საქართველოს მოსახლეობას, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო, მაგრამ არსებობს სუს-ის ნოტარიუსთა პალატა. სხვა სახელს ვერ დავარქმევთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს ამ მოსამართლემ მიიღო. შესაბამისად,

დღეიდან ზვიად კუპრავა არის პოლიტიკური დევნილი და პოლიტიკური პატიმარი.

მართლაც სასაცილო იქნებოდა ის ბრალდება, რის გამოც ზვიად კუპრავას დაკავება გადაწყდა, საქმე რომ არ გვქონდეს ადამიანის თავისუფლების აღკვეთასთან“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, ზვიად კუპრავას დევნიან იმ პოლიტიკური აქტიურობისთვის, რომელსაც ის წლების მანძილზე ახორციელებს და რომელიც „ივანიშვილის რეჟიმის“ შეცვლას ემსახურება.

„შევახსენებ ხელისუფლებას და ვაფრთხილებ, რომ თითოეული ჩვენი თანამებრძოლი, რომელიც პოლიტიკური პატიმარი იქნება, მხოლოდ და მხოლოდ აახლოებს „ქართული ოცნების“ დასასრულს...

„ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს შევახსენებ, რომ თითოეული ჩვენგანის დაკავება მათ ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასი დაუჯდება და საქართველოს მოსახლეობა ზუსტად იმავე ბრალდებით გაისტუმრებს „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან, რა ბრალდებაც ზვიად კუპრავას წაუყენეს – ეს არის პანღური. ამ პანღურს საქართველოს მოსახლეობისგან ხელისუფლება უახლოეს მომავალში მიიღებს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

21 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. კუპრავას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

„ბრალდების მხარემ მოითხოვა ზვიად კუპრავას მიმართ გირაოს სახით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით, ვინაიდან ბრალდებულმა ახალი დანაშაულის ჩადენით დაარღვია გირაოს პირობები. პროკურორმა პროცესზე წარადგინა კუპრავას მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის 19 თებერვალს გამოტანილი დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა“, – განაცხადეს პროკურატურში.

პატიმრობის შეფარდების მიუხედავად, ზვიად კუპრავამ დღეს, 22 თებერვალს, ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ ოფისში ბრიფინგი გამართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]