weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ენგურთან დატირება აფხაზეთში პროვოკაციად და სპექტაკლად შეაფასეს

14:57 კვირა, 24 თებერვალი 2019
ფოტო: რადიო ათინათი ფოტო: რადიო ათინათი

გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელის, თემურ ნადარაიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების მიერ გალში გარდაცვლილი ნათესავის ენგურის გამოღმა დატირება დაგეგმილი პროვოკაცია იყო, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ კი მომხდარს სპექტაკლი უწოდა.

გალში, სოფელ ოტობაიაში გარდაცვლილი 53 წლის გოჩა ტუფურია ნათესავებმა, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა ვერ შეძლეს, სამეგრელოდან დაიტირეს. სამგლოვიარო პროცესია ოტობაია-ორსანტიას ხიდთან გაიმართა. ჭირისუფალმა მიცვალებული ხიდთან, ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან, საგანგებოდ მიასვენა, რათა ხიდის მეორე მხარეს, ენგურს გამოღმა მყოფ ნათესავებს მისი დატირება შეძლებოდათ. გლოვის ამსახველი ვიდეომასალა რადიო „ათინათმა“ 20 თებერვალს გაავრცელა.

თემურ ნადარაია „სპუტნიკ-აფხაზიასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ქართული ინტერნეტ-რესურსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აფხაზეთის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

„ეს იმისთვის გაკეთდა, რომ დაანახონ მსოფლიოს, თითქოს არ არსებობს გამშვები პუნქტები და შესაძლებლობები საზღვარზე გადასასვლელად. სინამდვილეში, მოქმედებს ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი“, - განაცხადა ნადარაიამ.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები არ აღიარებენ საზღვრების არსებობას და მიიჩნევენ, რომ რუსი მესაზღვრეები აფხაზეთში უკანონოდ იმყოფებიან. ნადარაიას განცხადებით, აფხაზეთში შესვლას და გასვლას 2016 წელს მიღებული „კანონი“ არეგულირებს.

„საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად არ ცხოვრობენ, უნდა შემოვიდნენ წინასწარ გაფორმებული ვიზით, სახელმწიფო საზღვრიდან, რომელიც მდინარე ენგურზე მდებარეობს. ვიზის აღება შეუძლიათ მათ ნათესავებსაც, თუ ისინი იმყოფებიან აფხაზეთში, შეუძლიათ მიმართონ საკონსულოს. ასეთი ვიზის გაფორმება შესაძლებელია ინტერნეტითაც, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის საშუალებით, რის შემდეგაც ათი დღის განმავლობაში მიიღებენ პასუხს, აქვთ თუ არა საზღვრის გადაკვეთის უფლება“, - ამბობს ნადარაია.

ნადარაის განცხადებით, გალში გარდაცვლილი მამაკაცის ნათესავებს სწორედ ასეთი ვიზა უნდა აეღოთ.

„2016 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ მდინარის გადმოკვეთა, სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, მაშინ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი არ გვქონდა და ხალხს საშვებით უშვებდნენ. ეს ასე აღარ იქნება, ჩვენ წესრიგში მოვდივართ“, - ამბობს ნადარაია.

მომხდარი შეაფასა აფხაზეთის დე ფაქტო საგარო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემაც.

„ვფიქრობ, რომ აღნიშნული აქცია რაღაც პროვოცირებულ პოლიტიკურ აქციას უკავშირდება“, - განაცხადა კოვემ და აღნიშნა, რომ არსებობს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესები, რომელთა შესახებაც ყველასთვის ცნობილია.

„შესაძლოა, რაღაც ემოციურმა გრძნობებმა აიძულა ხალხი იქ მისულიყო და ის სცენები მოეწყო, რაც ვიხილეთ, მაგრამ მოქალაქეთა რაღაც კატეგორიასთან, რომლისთვისაც აუცილებელია ჰუმანიტარული საკითხებისთვის საზღვარი გადაკვეთოს, ყოველთვის მივდივართ შესახვედრად“, - აცხადებს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი.

როგორც „სპუტნიკ-აფხაზია“ წერს, დაურ კოვესთვის გამოცანად რჩება, რისთვის იყო საჭირო ამ „სპექტაკლის“ მოწყობა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, „ათინათის“ მიერ გავრცელებული კადრები სულისშემძვრელი და არაადამიანურია.

„საქმე საოკუპაციო რეჟიმთან გვაქვს და აი ეს სულისშემძვრელი ვიდეო კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მისთვის უცხოა ყველაფერი ადამიანური, ადამიანი, მისი უფლება და განცდები“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

რადიო „ათინათთან“ ინტერვიუში სოფელ ორსანტიას მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ეს გარდაცვლილის შორიდან დატირების პირველი შემთხვევა არ იყო. ადგილობრივი მკვიდრი, ფერიდე ქვარაია ამბობს, რომ ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ გადადის, საზღვართან ახლოს მყოფ ნათესავებს სწორედ ასე, ხიდთან დასტირის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]