weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გურჯაანის სასამართლომ დავით კირკიტაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა

17:39 ორშაბათი, 25 თებერვალი 2019

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით კირკიტაძე, რომელსაც ბრალად პოლიციელზე თავდასხმა ედება, წინასწარ პატიმრობაში დატოვა. განჩინება მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ მიიღო.

კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, სასამართლოს ბრალდებულის თავდებით გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართეს, რისთვისაც საქართველოს 15 ათასზე მეტი მოქალაქის, მათ შორის პარლამენტის 27 წევრის მიერ ხელმოწერილი თავდების წერილი წარადგინეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„განმარტებაში მოსამართლემ განაცხადა, რომ ვინაიდან თითოეული ეს თავდები პირი, ანუ პარლამენტარები და მოქალაქეები არ არიან წარმოდგენილი დარბაზში, შუამდგომლობა ვერ დააკმაყოფილა და ამ ეტაპისთვის უცვლელი დატოვა აღკვეთის ღონისძიება.

ჩვენ მივიღეთ გამოწვევა მოსამართლისგან - შემდგომ სასამართლო პროცესზე, 12 მარტს, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდება იმ პარლამენტარებისა და ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა. ამის შემდგომ ხელახლა დავაყენებ თავდების წერილს და ვნახავ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო“, - განაცხადა ადვოკატმა.

დავით კირკიტაძე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში გამართული აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, 2018 წლის 17 დეკემბერს დააკავეს. 20 დეკემბერს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კირკიტაძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. კირკიტაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ პოლიტიკური პატიმარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]