„ცენტრის შექმნა დაკვეთილი იყო იმ ემიგრანტებისგან, რომლებიც წარმატებული ემიგრანტები და ბიზნესმენები არიან. უკვე სპეცსამსახურებმა მიაკითხეს ბიზნესმენებს, რომ შეაჩერონ რაიმე დახმარება ამ ცენტრის მიმართ. ეს არის ყველაზე ცუდი მომენტი. ამიტომ, ვაფრთხილებ სპეცსამსახურებს, რომ გაჩერდნენ, შეჩერდნენ და მიატოვონ სამშობლოს ღალატი“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.
მისივე თქმით, „ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი“ დაეხმარება იმ წყვილებს, რომლებიც საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში გადაწყვეტენ ცხოვრებას. ამისთვის ცენტრი აპირებს მთის კანონში ცვლილებების შესატანად საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მიმართოს.
„უკვე მომზადებულია კანონში ცვლილება, რომ რამენაირად დემოგრაფიულ კატასტროფას ვუშველოთ, მითუმეტს მთაში. ფაქტობრივად, დაცლილია მთა, საიდანაც საქართველოს დიდ ქალაქებში ყოველთვის ახალი სისხლი მოდის. ამ კანონში არსებობს ცხრათვიანი ბარიერი, რომელიც ერთ თვემდე უნდა შემცირდეს. ბარიერი გულისხმობს, რომ ადამიანმა მთაში ცხრა თვე აუცილებლად უნდა იცხოვროს, რათა მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით ისარგებლოს. ახალდაქორწინებული წყვილი, რომელსაც უნდა, მთაში, მამაპაპისეულ ოჯახში დამკვიდრება, ცხრა თვე უნდა იყოს იქ ისე, რომ სახელმწიფოსგან დახმარებას ვერ მიიღებს. ეს უნდა შემცირდეს ერთ თვემდე. ერთი თვის შემდეგ მათ მიმართ ამოქმედდება მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათები“, – აღნიშნა ემზარ კვიციანმა.
რაც შეეხება დახმარებას, კვიციანის თქმით, ცენტრი, ჩარიცხული თანხების შესაბამისად, პირველ რიგში, მათ დაეხმარება, ვისაც უფრო მეტად უჭირთ.
„თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ ანგარიშებზე მილიონებს გადაურიცხავენ, ასე არ იქნება. დახმარება იქნება აბსოლუტურად ოჯახური, რაც არის პირველადი დახმარების ნივთები, როგორც ეს კოდორის ხეობაში იყო. არავინ იქნება აღსარიცხი, უკვე იმდენი ადამიანი რეკავს. ჯერ ფაქტობრივად ნორმალურად არ შობილა ცენტრი და უკვე იმდენი დახმარების მთხოვნელი გვწერს“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი“ 13 თებერვალს დაფუძნდა.